"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სოფელ მუღანლოს მოსახლეობის ნაწილი კი უკმაყოფილოა.
- "ცენტრალური გზა ყველა სოფელში მოწესრიგებულია. მხოლოდ ჩვენთან არის ასე დანგრეული. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მანქანით ნორმალურად გავლა გვიჭირს. სოფლის გზების გაკეთებას კი დაგვპირდნენ, მაგრამ ამ მთავრ ტრასას რა ეშველება?" _ ამბობენ მუღანლოელები.
-"სოფლის პროგრამით თანხა შიდა გზებზე გამოიყო. მაგის გაკეთებაც კი აუცილებელია, მაგრამ მთავარი გზა წლებია ასეა დანგრეული. ხომ უნდა ეშველოს რამე?" _ გვითხრა ინთიკამ რასულოვმა.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტად რომ სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია თავად დაასახელეს, ადგილობრივები არ უარყოფენ. თუმცა, მუღანლოს ცენტრალურ გზაზე ასფალტის დაგებას დაჟინებით ითხოვენ. ამას გარდა, ისინი სარწყავი არხის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
-"ისიც უნდა ითქვას, რომ სარწყავი არხი არ გვაქვს. ამიტომ მოსავალი გვიფუჭდება. სიმინდი სულ დაგვეწვა. ვინმე ხომ უნდა იყოს ჩვენი პატრონი? ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს "სოფლის პროგრამა" ერქმევა თუ სხვა რამე. მთავარია, ჩვენი პრობლემები მოგვარდეს და გადწყდეს," _ ამბობს ქამალადინ მამედოვი.
-"გვპირდებოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ გზაც გაკეთდებოდა და ქუჩის განათებაც გვექნებოდა, მაგრამ არაფერიც არ არის გაკეთებული. სხვა სოფლებში არის ლამპიონები და ჩვენ რა დავაშავეთ? გზას თავადაც ხედავთ, რა დღეშია, რომ წვიმს კიდე უფრო უარესია, ტალახი სახლში შემოგვდის," _ გვითხრა შილზად ყულბანოვმა.
მუღანლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე ანარ რასულოვი "სპექტრთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს აუცილებლად გადაიჭრება.
-"თითოეული დეტალი დაზუსტდება და ტენდერი მალე გამოცხადდება. ჩვენ ჩავატარეთ კრება, რომლესაც ესწრებოდა მოსახლეობა. მათ თავად გადაწყვიტეს, თუ რისი გაკეთება სურდათ სოფელში. უკმაყოფილოები ისინი არიან, ვინც "ნაციონალების: მომხრეა.
-"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ჯამში მუღანლოსა და ქეშელოზე 103 000 ლარია გამოყოფუილი. მუღანლოში პრობლემები გვაქვს შიდა საუბნო გზებზე, თვითონ ხალხი ითხოვს ამის მოწესრიგებას. ასევე მათი სურვილით შეირჩა პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა. ჩვენ ეს ყველაფერი, რაც ხალხს სურს დავაფიქსირეთ და გავითვალისწინეთ. ასე რომ, სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და ხალხი ამ შედეგს დაინახავს,"_ გვითხრა ანარ რასულოვმა.
რაც შეეხება მოსახლეობის მიერ დასახელებულ სხვა პრობლემატურ საკითხებს, ანარ რასულოვის განმარტებით, ამაზე ფინანსურ მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაჰპირდათ.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები