დაახლოებით ხუთი თვეა, რაც იორმუღანლოს თემის სოფლებს ახალი რწმუნებულები მართავენ. ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ და ახალი ხელისუფლების კადრია.
საკუთარი პრობლემების შესახებ "სპექტრთან" ადგილობრივები ხშირად საუბრობენ. გაზეთი დაინტერესდა, რას ფიქრობენ მათ სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები. რა საკითხები დახვდათ გადაუჭრელი და რისი მოგვარება შეძლეს ამ დროისთვის.
"სპექტრი" შეეცადა ამ კითხვებით თემის ყველა სოფლის რწმუნებულისთვის მიემართა. თუმცა, გასაუბრება მხოლოდ ლამბალოს და მუღანლო-ქეშელოს ხელმძღვანელებთან შევძელით. რადგან კაზლარი-თულარის რწმუნებულმა _ ზაურ ალიევმა ტელეფონით დაკავშირებისას განგვიცხადა, რომ საგარეჯოში იმყოფებოდა. დუზაგრამის ტერიტორიული ორგანო კი დაკეტილი დაგვხვდა. რწმუნებულმა კი სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ფერმაზე იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში "სპექტრის" იორმურანლოს სოფლებში ვიზიტისას, ხშირად იქმნება მსგავსი სიტუაციები. სამუშაო საათებში, რწმუნებულები სამსახურში არ იმყოფებიან. პასუხი კი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა, რომ ფერმაზე, ან მუნიციპალიტეტში არიან წასულები.
რაც შეეხება ლამბალოსა და მუღანლო-ქეშელოს რწმუნებულებს, რომლებთან გასაუბრებაც შევძელით, ტერიტორიულ ორგანოში დაგვხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალ-ცალკე ჩავწერეთ, ორივე სოფლის რწმუნებულმა თითქმის მსგავის პრობლემები დაასახელა. მათი თქმით, მოსახლეობას ყველაზე მეტად გასხვისებული ნაკვეთების საკითხი აწუხებს. მიწების, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაუყიდათ. ლამბალოს რწმუნებულმა მუბარიზ მამედოვმა განგვიცხადა, რომ ეს საკითხი პროკურატურას გადაეცა და გამოძიების პასუხი აპრილის ბოლოს იქნება ცნობილი.
-"ძველმა რწმუნებულმა, მისმა თანაშემწემ ერთად იმოქმედს. ხალხს სულ ჩამოართვეს ნაკვეთები და თვითონ გაყიდეს. ეხლა ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. შემდეგ გაირკვევა, რა როგორ იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ხალმა დაიბრუნოს თავისი კუთვნილი მიწა," _ გვითხრა რწმუნებულმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" შესასრულებელი სამუშაოების განხორციელება.
-"ლამბალოზე სულ ას ოცდაცამეტი ათასი ლარია გამოყოფილი. იგეგმება საუბნო გზების რეაბლიტაცია, ასევე სასაფლაოს შემოღობვა, სარწყავი არხის გაწმენდა. ჯერ ხარჯთაღრციხვა არ გვაქვს. ეხლა ტენდერი გამოცხადდება და შემდეგ გვეცოდინება რა სამუშაოს, რა თანხა დასჭირდება," _ აღნიშნა მან და აქვე დასძინა, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" ეს პრიორიტეტები გასულ წლებშიც სახელდებოდა, თუმცა სამუშაოები უხარიხოდ სრულდებოდა. ამიტომ ახლა მათ უწევთ იგივე პრობლემების მოგვარება.
ქეშელოსა და მუღანლოს რწმუნებულმა ნათიკ რასულოვმაც თავდაპირველად ყურადღება გაყიდულ მიწებზე გაამახვილა. შემდეგ კი იმ თანხებზე გვესაუბრა, რაც წელს ამ სოფლებისთვის გამოიყო.
-"სამოცდაორი ათასი ლარია განსაზღვრული სოფელ ქეშელოსთვის. ორმოცდაერთი ათასი კი მუღანლოსთვის. ვაპირებთ, გზები დავაგოთ. ასევე თანხა განკუთვნილი იქნება სასაფლაოების შემოსაღობადაც. კიდევ გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ. სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. ცოტა ხანში ზუსტად გვეცოდინება რაზე რამდენი დაიხარჯება."
კითხვაზე თუ რისი გაკეთება მოასწრეს ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში, რწმუნებულებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილება მათ სოფლებში არ იგრძნობა, თუმცა ეტაპობრივად მდგომარეობა შეიცვლება. მუბარიზ მამედოვის თქმით, ძველმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღი და კულტურის ცენტრი გაასხვისა, დაანგრიეს ლამბალოს საჯარო სკოლა.
-"სიცოცხლისთვის საზიანოა და სკოლის შენობის დემონტაჟი მოახდინეს. შემდეგ რამდენი წელი ამბობდნენ, ახალი უნდა ავაშენოთო, მაგრამ დღესაც ბავშვები საშინელ პირობებში სწავლობენ. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ სექტემბრიდან ბავშვები ახალ სკოლაში ივლიან. ეს სკოლა ათას ორას მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ასევე ვაპირებთ საბავშვო ბაღის, სპორტული დარბაზისა და კულტურის სახლის მშენებლობის დაწყებას. სპორტული დარბაზი პირველ სართულზე იქნება, მეორე სართულზე კი კულტურის ცენტრი," _ გვითხრა მუბარიზ მამედოვმა. რწმუნებულები პირობას დებენ, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგს მოსახლეობა მალე დაინახავს და შეაფასებს.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები