აფათ ალიევა ერთ-ერთია იმ ას ორმოცდათვრამეტ მოსწავლეს შორის, რომლებიც კაზლარის სკოლაში დადიან. სკოლა პირობითად, თორემ ბავშვებს სწავლა კერძო სახლში უწევთ.
კლასებად გადაკეთებული ოთახები, რკინის ნაჭერზე დადებული ქვა, რომელიც ზარის ფუნქციას ასრულებს და პატარა ეზო _ ასე გამოიყურება
კაზლარის შვიდწლიანი სკოლა.
ადგილობრივები უკვე წლებია ამ სოფელში სრულ საჯარო სკოლას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. გაუსაძლისი მდგომარეობა ერთნაირად აწუხებთ მშობლებს, ბავშვებს და პედაგოგებს.
-"დიდი ხანია ასეთ დღეში ვართ. ხედავთ რა პირობებში გვიწევს გაკვეთილების ჩატარება! სხვაგან ადგილი რომ არ გვქონდა ამ ოთახში ზედმეტი სკამებიც გვიდგას. რომელიც ლამბალოს სკოლას ეკუთვნის, მაგრამ ჯერ საძირკველიც კი არ ჩაყრილა," _ გვითხრა მათემატიკის მასწავლებელმა ალი აბდულაევმა.
შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ კაზლარის სკოლის მოსწავლეები სწავლას
ლამბალოს სკოლაში აგრძელებენ. მაგრამ ალი აბდულაევის თქმით, რადგან კაზლარი დანარჩენი სოფლებიდან შვიდი-რვა კილომეტრის მოშორებითაა და ბავშვებს მეზობელ სოფელში, სწავლის გასაგრძელებლად, სიარული უჭირთ.
"სპექტრი" აღნიშნულ საკითხზე გასულ ნომერშიც წერდა.
ცნობილია, რომ 2013 წლიდან განათლების სამინისტრომ სოფლებისთვის, სადაც
სკოლა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ავტობუსები გამოყო. ინფორმაცია, რომ ტრანსპორტი კაზლარშიც დაინიშნებოდა მაშინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემაც დაგვიდასტურა. თუმცა, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, კაზლარში ავტობუსი ამ დრომდე არ გამოჩენილა.
აფათ ალიევა ჯერ მხოლოდ მესამე კლასის მოსწავლეა. ამიტომაც მის მშობლებს არ უწევთ ფიქრი, როგორ წავიდეს სკოლაში. იქვე ცხოვრობს, გაკვეთილებს არ აცდენს. ამბობს, რომ ყველა საგანი ერთნაირად უყვარს და სკოლაში ყოველთვის მომზადებული მიდის.
-"მათემატიკა, ბუნება, ქართული ენა, ხატვა, სპორტი ამ საგნებს ვსწავლობ, ყველა გაკვეთილი ძალიან მიყვარს," _ გვითხრა აფათმა.
პატარა გოგონა თავისუფალ დროს ხეებს, ყვავილებს, ჩიტებს ხატავს. "სპექტრს" ისიც გაუმხილა, რომ ქართველი პოეტის, იოსებ ნონეშვილის _ "მასწავლებელი" ძალიან უყვარს, რომელიც ხალისით წაგვიკითხა. მერე დაამატა, რომ სხვა ქართული ლექსების სწავლასაც აპირებს.
კაზლარის სკოლაში ბევრი, აფათ ალიევას მსგავსი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავთ. მათი სურვილია, საკუთარ სოფელში, განათლების სრული კურსის მიღების საშუალება მიეცეთ.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები