საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს თითქმის 10 წელია სკოლა აღარ აქვს. ლამბალოსა და თულარის ბავშვებს სიარული სამ ადგილას ნაქირავებ ბინებში უხდებათ, სადაც ისინი კლასების მიხედვით არიან გადანაწილებული და ორ ცვლაში სწავლობენ. როგორც პედაგოგები ამბობენ, განათლების მისაღებად იქ ყოვლად შეუფერებელი პირობებია.
მოსახლეობა ახალი სკოლის აშენებას ითხოვს.
-"
სკოლის შენობა გვქონდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო აშენებული. შემდეგ კედლები დაიბზარა, ავარიულ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დაანგრიეს. ეხლა ბავშვებს სხვადასხვა სახლებში უწევთ სიარული და სწავლა, სადაც რა თქმა უნდა ნორმალური პირობები არ არის," _ გვითხრა სოფელ თულარის მცხოვრებმა სადი ჯამალოვმა.
მისივე აზრს იზიარებს ამავე სოფლის მაცხოვრებელი სალმან დუნიამალიევი.
-"თითქმის 10 წელია სკოლა არ გვაქვს. გვინდა, რომ ეს პრობლემა დროით გადაიჭრას, რადგან ჩემი შვილები პატარები არიან და ასეთ პირობებში სწავლა უჭირთ. ეს ჩვენი სოფლის
ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ჯერ ვერ მოგვარდა," _ გვითხრა მან.
თულარის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ნარგიზ ნასიბოვას იმედი აქვს, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს მაინც ახალ სკოლაში დაიწყებენ.
-"სკოლის პრობლემა ჩვენი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ
ახალი სკოლის აშენებას აპირებენ, მაგრამ როდის გააკეთებენ, უცნობია. ჯერჯერობით მარტო დაანგრიეს, სხვა არაფერი გაკეთებულა. ყოველ წელიწადს გვპირდებიან, რომ სექტემბრისთვის მზად იქნებაო, მაგრამ მე-5 წელია არაფერი გაკეთებულა. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს და გული მწყდება, რომ ასეთ პირობებში, დაფანტულებს უწევთ სწავლა-განათლების მიღება," _ გითხრა მან.
აღნიშნულის თაობაზე განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, როგორც განგვიმარტე, ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. აღნიშნულ უწყებაში კი გვიპასუხეს, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის და გვითხრეს, განათლების სამინისტროსთვის მიგვემართა.
ამის შემდეგ "სპექტრი" კვლავ განათლების სამინისტოს დაუკავშირდა, სადაც ამჯერად მინისტრის სახელზე ოფიციალური მიმართვის გადაგზავნა მოითხოვეს.
გაზეთ "სპექტრის" რედაქციამ ოფიციალური წერილით სამინისროს უკვე მიმართა. თუმცა აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ეს პროცესი, სავარაუდოდ, დროში საკმაოდ გაწელილი იქნება. მკითხველს ამ ინფორმაციას სამინისტროსგან პასუხის მიღებისთანავე გავაცნობთ.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები