დუზაგრამის სკოლაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მათ შორის: მე-7 კლასის მოსწავლეები მახმად აბუზაროვი და აითაჯ ქაზუმოვა. რომლებმაც შარშან ქალაქ რუსთავში გამართულ ოლიმპიადაზე პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს.
როგორც ჩვენთან საუბარში მახმად აბუზაროვმა აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.
-"რუსთავში თურქულ ლიცეუმ "ცაღლარში" ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ტესტირება ქართულ ენაში და მათემატიკაში გაიმართა. სულ 60 კითხვა იყო, რომელიც კარგად დავწერე და პირველი ადგილი დავიკავე. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. საერთოდაც სკოლაში კარგად ვსწავლობ, ყველა საგანში ათოსანი ვარ. განსაკუთრებულად მაინც ქართული, აზერბაიჯანული და ინგლისური საგნები მიყვარს," _ გვითხრა მან.
თავის შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა მეორე ადგილის მფლობელი აითაჯ ქაზუმოვა.
-"რუსთავში მეც ვიყავი, სადაც ტესტირება გავიარეთ. მართალია, კარგად ვსწავლობ, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი რა შედეგები მექნებოდა. სულ სამოცი კითხვა იყო და სწორი პასუხები გავეცი. ძალიან ბევრი ბავშვი იყო და ყველა ღელავდა. სკოლაში ათოსანი ვარ. ყველაზე ძალიან მათემატიკია, ისტორია, ინგლისური, ქართული და ზოოლოგია მიყვარს. სკოლას რომ დავამთავრებ, მინდა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელო და ექიმის პროფესიას დავეუფლო," _ გვითხრა მან.
თამილა ალიევა და ვაფა დუნიამალიევა სოფელ თულარის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან. როგორც ჩვენთან საუბარში ქართული ენის პედაგოგმა ირმა ჭიკაძემ აღნიშნა, მათ ფილიალში ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს, მაგრამ ეს მოსწავლეები თავიანთი აქტიურობით მაინც ყველასგან გამოირჩევიან.
-"დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. სკოლაში ხშირად გვაქვს ღონისძიებები: მაგალითად, საახალწლო, ბაირამობისთვის, 8 მარტისთვის და სხვა, სადაც ეს ბავშვები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და სხვებისგანაც გამოირჩევიან," _ გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში თამილა ალიევამ აღნიშნა, მას სკოლაში სიარული, მასწავლებლები და თავისი მეგობრები ძალიან უყვარს.
-"საგნებიდან ყველაზე კარგად ქართულს ვსწავლობ. ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა, რომელიც ირმა მასწავლებელმა მასწავლა. ხშირად გამოვდივარ სკოლაში გამართულ ღონისძიებებზე, საახალწლო კარნავალშიც ვმონაწილეობდი. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები, რომელსაც სახლშიც ხშირად ვმღერი. ამასთან ერთად კარგად ვხატავ და ვცეკვავ კიდეც." _ გვითხრა მან.
ვაფა დუნიამალიევაც მე-3 კლასშია და მასაც თამილას მსგავსად ძალიან უყვარს სიმღერა, რომელიც მისივე თქმით, ირმა მასწავლებლის დამსახურებაა.
-"სიმღერა ძალიან რომ მიყვარს, ეს ირმა მასწავლებლის დამსახურებაა. ის ძალას არ იშურებს, რომ რამე შეგვასწავლოს. სულ გვერდით გვიდგას და ყურადღებას არ გვაკლებს. გარდა ამისა, კარგად ვხატავ და ძერწითაც ვმუშაობ. ოჯახში ჩემი სიმღერა ძალიან მოსწონთ და ბევრ შექებასაც ვიმსახურებ," _ გვითხრა მან.
მოკლე დროში ამ სკოლის პედაგოგები დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების ჩატარებას აპირებენ, სადაც როგორც ყოველთვის, თამილა და ვაფაც აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რაც მათ ძალიან უხარიათ.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები