"სპექტრი" იორმუღანლოში მომუშავე "ქართული ენის სახლს" სტუმრად მაშინ ეწვია, როდესაც იქ ერთი ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა.
გვერდით ოთახში კი პროექტის კონსულტანტი ეთერ პატარკაციშვილი და მოსწავლეები 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების რეპეტიციას გადიოდნენ. "გადავწყვიტეთ, ამ ბავშვებთან ერთად აღვნიშნოთ ქართველი ერის ტრაგედია, 9 აპრილი. ასევე მოხდება პარალელების გავლება აზერბაიჯანელების 1990 წლის 20 იანვარის მოვლენებთან," _ აღნიშნა ეთერ პატარკაციშვილმა.
ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში აითაჩ ქაზიმოვა ლექსს იმეორებდა, რომლის წაკითხვასაც ღონისძიებაზე აპირებდა.
-"ხვალ ზეიმი გვაქვს, რომელიც 9 აპრილს ეძღვნება. ამ დღის შესახებ ვიცი, რომ ქართველებისთვის ტრაგიკული თარიღია," _ გვითხრა მან.
ამის შემდეგ "სპექტრი" სახლის ტრენერ-მასწავლებლის, დალი ოსეფაშვილის გაკვეთილსაც დაესწრო. მან ჩვენთან პროექტისა და ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის შესახებ ისაუბრა.
"კვირაში ორჯერ ორშაბათს და ხუთშაბათს გვაქვს გაკვეთილები. ორი საათის განმავლობაში ვმეცადინეობთ. ბავშვები ეუფლებიან ქართულ ენას. ძირითადად აქცენტი გრამატიკულ საკითხებზე გვაქვს გადატანილი. რათა მათ ქართულად საუბარი, კითხვა, წერა გამართულად შეძლონ. სწორედ ეს არის პროგრამის მიზანი. ბოლო დროს ბავშვები უკვე ახერხებენ, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელებში გააგრძელონ სწავლა. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს." _ გვითხრა დალი ოსეფაშვილმა.
ქამრან გასანოვი რამდენიმე თვეა ენის სახლში დადის. უნდა, რომ შეძენილი ცოდნა სამომავლოდ გამოიყენოს. "სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება თბილისში მინდა, აქ ამიტომაც დავდივარ. ეს მეცადინეობა ძალიან დამეხმარა და ქართულ ენაში ბევრი ახალი რამ ვისწავლე," _ გვითხრა მან.
ენის სახლში სასწავლო პროცედურები სამ დონიანია. თითოეული დონე კი _ ექვსთვიანი. გარდა მოსწავლეებისა, სახლი პედაგოგების გადამზადებასაც ახდენს, რათა მათ მოსწავლეებთან ბილინგური სწავლება დანერგონ.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები