ქართული ენის კვირეულის ფარგლებში დედაენის დღე ლამბალოს საჯარო სკოლაშიც აღნიშნეს.
იმის მიუხედავად, რომ წლებია ლამბალოს სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესს ნაქირავებ შენობებში, რთულ პირობებში გადიან, მაინც აქვთ ენთუზიაზმი, რომ კარგად ისწავლონ და ქართულ ენასაც ჯეროვნად დაეუფლონ.
"ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" პროგრამის ფარგლებში ქართული ენაისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რუსუდან დუჩიძემ დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება 14 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწყო. მოღრუბლული ამინდისა და სიცივის მიუხედავად, სკოლის ეზოში შეკრებილი მოსწავლეები ხალისით და შემართებით ამბობდნენ ლექსებს "დედაენაზე" და საუბრობდნენ ქართული ენის სიყვარულზე. თავდაპირველად ღონისძიება პედაგოგმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ქართული და აზერბაიჯანული დროშების ფონზე ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და დრო პოეზიას დაუთმეს.
-"ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვებთან ერთად, დღეს ვაწყობ ქართული ენის დღეს. თვითონ მოსწავლეები არიან ძალიან მოწადინებულები," _ გვითხრა რუსუდან დუჩიძემ.
საკუთარ რეპერტუარზე ხალისით ისაუბრეს ფახრია ხალილოვამ და ჯამილა ალახვერანოვამ.
-"დღეს ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ვმართავთ ღონისძიებას. ბავშვებს ძალიან გვიყვარს ქართული ენა და სიამოვნებით ვსწავლობთ. ამ კონცერტის გამართვა ძალიან გვიხარია. ლექსები უნდა წავიკითხოთ," _ გვითხრა ფახრიამ.
ჯამილამ კი ჩვენთან ისიც აღნიშნა, რომ ქართვლი მწერლებიდან განსაკუთრებით უყვარს შოთა რუსთაველი და მისი პოემა "ვეფხისტყაოსანი."
ღონისძიებას ლამბალოს სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილიც ესწრებოდა.
"ეს ბავშვები საქართველოში მაცხოვრებელები არიან. თვითონაც დაინტერესებულები არიან ენის შესწავლით. მათი ძირითადი სამშობლო საქართველოა. ასეთი ღონისძიებები აუცილებელია მოსწავლეების განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლო წლებში ჩვენი მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და თბილისში სწავლობენ," _განმარტა დავით როსტომაშვილიმა და აქვე დასძინა, რომ ლამბალოს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წლებია გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. ახლა კი ხელისუფლება პირობას აძლევთ, რომ სკოლის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები