წლებია, რაც იორმუღანლოს ბაზარი კვირაში ორჯერ პარასკევს და კვირას გამყიდველებსა თუ მყიდველებს ვერ იტევს. ბაზარზე სიარული იორმუღანლოს თემის მოსახლეობისთვის უკვე ტრადიციადაა ქცეული. მსურველს აქ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთისა, თუ პროდუქტის შეძენა შეუძლიათ.
იორმუღანლოს თემის მოსახლეობის თქმით, ბაზარი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. გასაყიდად ხან ნაყიდი პროდუქტი, ხან კი საკუთარი მოსავალი მიაქვთ. ალიევ გულიევს ამ ბაზარში ხშირად ნახავთ.
-"იორმუღანლოს ბაზარი 1992-94 წლებიდან ფუნქციონირებს. ჩვენი სოფლებიდან ხალხი ამით გავდივართ იოლას. ყოველ კვირა მოვდივართ და მოგვაქვს ზოგს ხორცი, ყველი, ზოგს რა და ზოგს რა. ცოტა რაღაც მოგება რჩება აქედან."
იაშარ ჰუსეინოვი ამბობს, რომ ამ ბაზარზე მოსახლეობა საჭირო ნივთებსა, თუ პროდუქტს შეღავათიან ფასებში ყიდულობს. -"ყველაფრის შეძენა გაცილებით იაფად შეიძლება. ამიტომაცაა, რომ ამ დღეებში უამრავი ხალხი მოდის. ჩვენ ნაკლებ ფასად ვყიდით, რომ მუშტარი სულ გვყავდეს," _ გვითხრა მან.
გულნაზ ალახვერდოვა გარდაბნიდან დადის. ამბობს, რომ დამღლელი საქმეა, თუმცა ეს მისი შემოსავლის წყაროა.
-"ამ ბაზარზე პარასკევობით მოვდივარ, გარდაბნიდან მარშუტკა დადის და იმას მოვყვები და მივყვები. წვრილმან რაღაცეებს ვყიდი: ნასკებს, რეიტუზებს, ფლოსტებს," _ გვითხრა მან.
გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებისა, იორმუღანლოს ბაზრით ქართველებიც სარგებლობენ. საქონლის შესაძენად ისინი აქ მეზობელი რაიონებიდან და სოფლებიდანაც დადიან.
-"ყველა სხვა ბაზართან შედარებით აქ იაფობაა. მე ბოდბისხეველი კაცი ვარ და საყიდლებზე აქ წამოვედი, რომ ორი კაპიკი დავზოგო," _ აღნიშნა მიხეილ ქშუტაშვილმა.
-"საქართველოში ყველაზე კარგი ბაზარი იორმუღანლოშია. თან ეხლა გააკეთეს და გაარემონტეს კიდეც. უფრო ლამაზად გამოიყურება და თვალსაც სიამოვნებს," _ გვითხრა იქვე მდგომმა ნაზიბ ხალილოვმა.
"სპექტრთან" გასაუბრება ისურვა ლამბალოელმა მეხმან რახინოვმაც.
- "ყველს ვამზადებ, გამომყავს და შემდეგ აქ 8-9 ლარად ვყიდი. სამუშაოები არ არის და ამით ვირჩენთ თავს," _ გვითხრა მან. ბაზრის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი ცდილობენ, რომ მოსახლეობას კარგი ხარისხის პროდუქცია მიაწოდონ.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები