დუზაგრამის სკოლაში სტუმრობისას გაზეთმა "სპექტრმა" კიდევ ერთი ნიჭიერი ბავშვი აღმოაჩინა. როგორც ჩვენთან საუბარში დუზაგრამის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი რუსუდან დუჩიძე ამბობს, ელჩინ ასკეროვი გულჩათხრობილი, წყნარი და უკონფლიქტო მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ მან დიდი ქალაქის მაკეტი შექმნა, რითაც რაიონშიც დაინტერესდნენ და მაკეტი საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წაიღეს.
როგორც ჩვენთან საუბარში ელჩინ ასკეროვმა აღნიშნა, მისთვის არც ხატვა და არც მაკეტის გაკეთება არავის უსწავლებია, მოიწადინა და ყველაფერი თავისი ფანტაზიის წყალობით შექმნა.
-"ხატვა პირველი კლასიდან დავიწყე, მანამდე ლამზე ჯოხით ვხატავდი ხოლმე. არც ერთ დიდ ქალაქში არ ვყოფილვარ. მაკეტი, რომელსაც მე "ახალი ქალაქი" დავარქვი, ჩემი წარმოსახვით სამი თვის განმავლობაში გავაკეთე. ძირითადად ტელევიზორიდან და წიგნებიდან გადმოვიღე. აქ არის ის ყველაფერი, რაც ნამდვილ ქალაქში უნდა იყოს: მეჩეთი, სახლები, ქუჩები, მანქანები, ხეები, გზები, ხიდები, ადამიანები და სინათლის მავთულებიც კი. ვმუშაობდი ძერწით, პლასტმასით, ქაღალდებით. მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები, მომავალში უკეთეს ნიმუშებს შევქმნი. მართალია, საქმე შრომატევადია და დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაინც დიდი მოთმინებით გავაკეთე ყველაფერი. მინდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო სკოლაში გავაგრძელო," _ გვითხრა მან.
მისივე თქმით, მართალია, თვითონ არ მღერის, მაგრამ ძალიან უყვარს ნაციონალური და თანამედროვე მუსიკა, რომელსაც თავისუფალ დროს დიდი სიამოვნებით უსმენს.
აისელ ჯაფაროვა და აიშა ისმაილოვა კი კაზლარის სკოლის მოსწავლეები არიან. მათ ძალიან უყვართ სკოლაში სიარული, თავიანთი პედაგოგები და მეგობრები. ისინი ნიჭიერი, ჭკვიანი და მოწესრიგებული ბავშვები არიან. როგორც კაზლარის სკოლის პედაგოგებმა აღნიშნეს, მათ ცოტა ხნის წინ, სკოლაში ჩატარებულ თეატრალურ სკეტჩში მიიღეს მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები