სასწავლო წელი თითქმის დასასრულს უახლოვდება, საატესტატო გამოცდების ნაწილი უკვე ჩატარდა, დარჩენილი 4 გამოცდა კი მაისის თვეში იგეგმება. გაზეთი "სპექტრი" დაინტერესდა იორმუღანლოს თემის საჯარო სკოლის მოსაწვლეები, სკოლის დამთავრების შემდეგ რომელ ფაკულტეტზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას.
ფაშა ფაშაევი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს. როგორც თვითონ გვიყვება, ეს გადაწყვეტილება ქიმიისა და ისტორიის პედაგოგების რჩევით მიიღო.
-"ყველა საგანს საშუალოდ ვსწავლობ, ძირითადად კი მათემატიკა და ქიმია მიყვარს. მართალი გითხრათ, მე-9 კლასამდე სწავლის გაგრძელებაზე არც მიფიქრია. შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ უკეთესად მესწავლა და უმაღლესშიც ჩამებარებინა. ამაში დიდი წვლილი ქიმიის და ისტორიის მასწავლებლებს მიუძღვით. ჩემი გადაწყვეტილება მშობლებსაც ძალიან მოსწონთ და ყველანაირად ხელს მიწყობენ. ჯერჯერობით ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, რა პროფესია მინდა შევისწავლო, მაგრამ ვფიქრობ, ინფორმატიკის კუთხით ჩავაბარებ. თავისუფალ დროს დავდივარ ქართული ენის კლუბში, რომელიც სკოლაშია გახსნილი. ასევე მიყვარს წიგნის კითხვა. სახლში ქართული წიგნებიც მაქვს, რომელსაც დიდი ინტერესით ვკითხულობ. ჩემს გარდა კიდევ ორ თანაკლასელს აქვს სურვილი, რომ მომავალში უმაღლესში გააგრძელონ სწავლა. იმედია, ჩვენი სურვილები ასრულდება," _ გვითხრა მან.
მართალია, ლამბალოს სკოლის მოსწავლე ელდანიზ იდრისოვი ჯერ
მე-9 კლასშია, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე უკვე ფიქრობს. ის წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და კარგადაც სწავლობდა. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მისივე თქმით, აპირებს, ბეჯითად იმეცადინოს, რომ მომავალში სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს.
-"საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. სწავლით ნორმალურად ვსწავლობ. ჩემი სურვილია მომავალში უმაღლესში ჩავაბარო და ექიმის პროფესიას დავეუფლო. სასკოლო საგნებიდან ყველაზე ძალიან ქართული, ინგლისური, მათემატიკა და რუსული მიყვარს და უკეთესად ვსწავლობ," _ გვითხრა მან.
ელდანიზ იდრისოვის თქმით, მომავალში პროფესიას რომ დაეუფლოს, ამის სურვილი მშობლებსაც აქვთ. იმედოვნებს, რომ მისი ოცნება რეალობად იქცევა.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები