ბოლო ზარი - დაუვიწყარი ღონისძიება მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მასწავლებლები მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ტრადიციისამებრ, მომდევნო დღეებში ბანკეტი იმართება, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც არიან ჩართულები.
ამ ღონისძიებების შესახებ იორმუღანლოს თემის საჯარო სკოლების პედაგოგებს გავესაუბრეთ.
-"ჩვენთან სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება, ყოველთვის ტარდება. იქ დაპატიჟებულები არიან მასწავლებლები, მოსწავლეები, პირველ კლასელები, მშობლები და კიდევ ის ადამიანები, რომლებმაც 10 წლის წინ დაამთავრეს სკოლა. ამ დღეს ბავშვები სოფლის გარეთ ბუნებაში გადიან და სამახსოვრო სურათებს იღებენ. შემდეგ იმართება დიდი კონცერტი. მე-12 კლასელები მღერიან, ცეკვავენ და კითხულობენ ლექსებს, ხოლო მოგვიანებით სკოლაში იშლება სუფრა, სასმელის გარეშე, რომელიც ერთობლივი ძალით საღამოს ერთ-ერთ ოჯახში გრძელდება. იქ დაპატიჟებულები არიან სკოლის პედაგოგები და მშობლები," _ გვითხრა დუზაგრამის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მუსლიმ აბუზაროვმა.
როგორც ჩვენთან საუბარში ლამბალოს სკოლის ქართული ენის პედაგოგმა რუსუდან დუჩიძემ აღნიშნა, მისთვის შარშანდელი ბოლო ზარი ძალიან შთამბეჭდავი იყო.
-"ბოლო ზარის ღონისძიება შარშან ძველი სკოლის ეზოში ჩატარდა, რომელიც ჯერ დანგრეული არ იყო. ეზოს შუაგულში მოწყობილი იყო სცენა, სადაც მორიგეობით ადიოდნენ მოსწავლეები და თავიანთ ნიჭს წარმოაჩენდნენ. იყო ბევრი ლექსი, სიმღერა, ცეკვა... მოსწავლეები ასევე გამოდიოდნენ სიტყვით. პედაგოგები მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას ულოცავდნენ. ძალიან საინტერესო და ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. ბანკეტზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ერთ-ერთ ოჯახში გაიმართა, თანამედროვე დონეზე იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე მშობლები და თითქმის ყველა მასწავლებელი დაპატიჟეს. სუფრას ერთ-ერთი მოსწავლე უძღვებოდა. ძალიან ლამაზი საღამო იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა," _ გვითხრა რუსუდან დუჩიძემ.
პედაგოგები და მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ წლევანდელი ღონისძიება ისეთი მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება, როგორც გასულ წლებში იყო.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები