28 თებერვლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 6-დან 60 წლამდე ასაკის ის ადამიანები ისარგებლებენ, ვისაც აქამდე არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საგარეჯოს რაიონის ეთნიკურად დასახლებულ აზერბაიჯანულ სოფლებშიც დაიწყო.
როგორც ლამბალოს საოჯახო მედიცინის ექიმმა ბაშირ მაჰმუდოვმა აღნიშნა, სოფელში დაზღვევა თებერვლის ბოლოდან დაიწყო და მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოქალაქე არ დაეზღვევა.
-"ხალხი აქტიურად მოდის. ეს დაზღვევა 6 წლიდან 65 წლამდე მამაკაცებს და 6 წლიდან 60 წლამდე ქალებს ეხებათ. პენსიონერებს კიდევ ხომ აქვთ თავიანთი დაზღვევა. როდესაც ფორმებს ვავსებთ, თან ვუხსნით მოსახლეობას, თუ რა შედის მომსახურებაში და როგორ უნდა გამოიყენონ ეს საბუთი. ამბულატორიაში ყოველდღიურად 5 ექიმი ვმუშაობთ და ვცდილობთ ეს პროცესი დროულად დავასრულოთ," _ გვითხრა მან.
ამბულატორიაში ხალმხმრავლობა იყო. როგორც ჩვენთან საუბარში ისმაილ გუსეინოვმა აღნიშნა, სამედიცინო ბარათი უკვე შეავსო და თუ დასჭირდება, ისარგებლებს კიდეც.
-"ამბულატორიაში ფურცლები შეგვავსებინეს. როგორც ამიხსნეს, ამ საბუთით უბნის ექიმთან უფასოდ შეგვიძლია მისვლა და გასინჯვა. სხვა ჯერჯერობით არაფერი ვიცი. როცა დამჭირდება, ალბათ, აუცილებლად ვისარგებლებ."
დაზღვევით ძალიან კმაყოფილია რიზბან ჯივიროვი.
-"52 წლის ვარ. არც პენსია მქონდა და არც დახმარება. ამიტომ როდესაც გვითხრეს ამბულატორიაში რაც ხდებოდა, გამიხარდა. ექიმი რომ დაგვჭირდებოდა, საგარეჯოში მივდიოდი და თან ფასს ვიხდიდი. ეხლა როგორც თქვეს, უბნის ექიმის მომსახურება უფასო იქნება. თუ დაგვჭირდება, მეც და ჩემი ოჯახიც აუცილებლად ვისარგებლებთ."
მაჰმად გოჯაევის თქმით, რაც დაზღვევის საბუთში წერია ყველაფერი თუ ისე განხორციელდება, მართლაც მისასალმებელია.
-"თუ რასაც გვპირდებიან, ყველაფერი ასე იქნება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. გვეუბნებიან, რომ ბევრი რამ უფასო იქნება და ძალიან კმაყოფილები ვართ."
მოსახლეობას პირველ ეტაპზე შესაძლებლობა ექნება დაზღვევის მინიმალური პაკეტით ისარგებლოს. პირველი ივლისიდან განზრახულია სადაზღვევო პროგრამის მეორე ეტაპის ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმიური სერვისების დაფინანსებაც დაემატება.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები