ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ.
ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.
როგორც ჩვენთან საუბარში ლამბალოს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა შაჰინ ხეიხაბაროვმა აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამობა მარტის დასაწყისში იწყება და მათთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
- "ეს დღესასწაული ჩვენთან 19 მარტიდან იწყება და 4 დღე გრძელდება. ყველა კვირის დღეს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. არის მიწის დღე, წყლის დღე, ცეცხლის ანუ ნათების დღე. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ჩვენ გაზაფხულის დადგომას და ახალი ცხოვრების დაწყებას აღვნიშნავთ. გაზაფხული მოდის, მიწა იღვიძებს, ახალი ბალახი მოდის. ამ დროის განმავლობაში ყველა ოჯახი ქეიფობს, ქალები სუფრას ამზადებენ, ნამცხვრებს აცხობენ. ნათესავები მოდიან და ჩვენც მივდივართ მათთან," _ გვითხრა მან.
როგორც ამავე სკოლის აზერბაიჯანული ენის ფილოლოგმა ელმირა ზხუნდოვამ გვითხრა, ამ დღეებში ყველა ერთმანეთს ბარაქას და სიკეთეს უსურვებს. აუცილებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება წითელი კვერცხები.
-"ამ დღეებში ოჯახში ვაცხობთ ნამცხვრებს, ვაკეთებთ ფახლავას და ფლავს. იღებება კვერცხები, რომლებსაც ჯეჯილში ვალაგებთ. ყველა ერთმანეთთან მივდივართ სტუმრად და თან ტკბილეულიც მიგვაქვს. ამ პერიოდში ოჯახში ჩხუბი და ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. კიდევ ასეთი წესი გვაქვს, 19-ში ვინმეს ოჯახს უნდა ესტუმრო. სანამ კარებთან მიხვალ, ყურებზე ხელი უნდა აიფარო, ახლოს მისვლისას კი ჩამოიღო და რა სიტყვასაც პირველად გაიგებ, ის დაგეკვებება. სტუმრად ცარიელი არ უნდა წახვიდე, აუცილებლად სიტკბო უნდა მიიტანო," _ გვითხრა მან.
როგორც ლამბალოს მკვიდრმა ჯაბირ მამედოვმა გვითხრა, ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული წინაპრებიდან მოსდევთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია.
-"ეს ტრადიცია ჩვენ წინაპრებიდან მოგვდევს. დღესასწაულზე მამაკაცები და ქალები ცალკ-ცალკე მოიყრიან ხოლმე თავს და ერთმანეთს ულოცავენ. ცხვება ტკბილეული, იშლება სუფრა და ყველა ზეიმობს. ამ დღეებში საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ვინც ცოტა შეძლებულია, შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საჭმელს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ და ავადმყოფებსაც მოინახულებენ ხოლმე."
როგორც კაზლარის მკვიდრმა მახმად მამედოვმა გვითხრა, ამ დღეებში ხალხი მარტო ქეიფობს და არ მუშაობს.
-"ნოვრუზ ბაირამობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ახალი წელია. ის 19-დან იწყება და 22-24-მდე გრძელდება. ამ დროს სახლში ბატკანს ვკლავთ, ვქეიფობთ, სტუმრად მივდივართ და ჩვენთანაც მოდიან. ვისაც საშუალება არ აქვს, ოჯახშიმივდივართ და ხორცი მიგვაქვს. თუ ვინმეს ახლობელს ოჯახში ახალი პატარძალი ჰყავს, საჩუქარი მიგვაქვს. ამ დროს 4-5 დღე ჩვენთან სულ დღესასწაულია და არ ვმუშაობთ."
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში მცხოვრები ერთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია. ის წარმოუდგენელია მხიარული და საზეიმო მუსიკის გარეშე.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები