ჭაბურღილი, საიდანაც კაზლარის მოსახლეობა წყალს 6 წლის განმავლობაში იღებდა, დღეს გამორთულია.
ორ კვირაზე მეტია, რაც მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფლის ხელახალი გამრიცხველიანების შემდეგ ენერგოდისტრიბუციამ მათ ჭაბურღილზე მრიცხველის დაყენება, ცალკე აბონენტად დარეგისტრირება 400 ლარის გადახდა მოსთხოვა. ადგილობრივების თქმით, ისინი ამ თანხის შეგროვებას ვერ შეძლებენ.>
-"დაახლოებით 15 დღე იქნება, რაც სოფელში წყალი არ გვაქვს. დენს არ გვაძლევენ, რომ ჭაბურღილი ვამუშავოთ. აბონენტის გასახსნელად 400 ლარს გვთხოვენ,“ _ გვითხრა ნასრადინ რასულოვმა.
-"6 წელია, რაც ამ ჭაბურღილის წყალს ვიყენებთ და ყოველთვე ვიხდიდით იმ თანხას, რასაც მრიცხველი აჩვენებდა, ხან 10 ლარი უწევდა, ხან _ 15," _ ამბობს ეთიბარ ალიევი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ენერგოდისტირიბუციის ტეკნიკური სამსახურის თანამშრომლის ნიკოლოზ ჩოკოშვილის თქმით კი, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ჭაბურღილს ქსელზე თვითნებურად აერთებს და ამაში ელქტროენერგიის საფასურს არ იხდის.
-"ეს ჭაბურღილები წლების მანილზე ქსელზე უმრიცხველოდ იყო დაერთებული. ეხლა გეკითხებით, საერთოდ, რომელიმე მაღაზიაში პროდუქტის შეძენა უფასოდ ხდება?! არა ხომ? მაშინ, როდესაც ჩვენ ვყიდით ელექტროენერგიას, ჭაბურღილების შემთხვევაში ვკარგავდით დენს. კაზლარში ეხლა გაკეთდა ახალი ჭაბურღილები და თვითნებურად დააერთეს და არამარტო კაზლარში. თვეების განმავლობაში არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ ამ ჭაბურღილების გადასახადი გადაეხადა. რამდენჯერაც სოფლის რწმუნებულებს ამ საკითხზე მივაკითხეთ, ყურადრება არავინ მოგვაქცია. შესაბამისად, საკითხი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შევათანხმეთ და ამის მიხედვით ვიმოქმედეთ,"_გვითხრა მან.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც კაზლარის მოსახლეობამ "სპექტრთან" ისაუბრა საოჯახო მრიცხველზე დარიცხული გადასახადია. მათი თქმით, ხშირად მრიცხველი იმაზე მეტს უჩვენებს, ვიდრე რეალურად ხარჯავენ.
-"დღეში ორჯერ-სამჯერ მოდიან სინათლის ფული გადაიხადეო. მარტო ბოლოს 50 ლარი ერთხელ მივეცი, 20 _ მეორედ, მერე _ 25. ამ თვეში 95 ლარი მაქვს მთლიანობაში გადახდილი. კიდევ მეუბნებიან დავალიანება გაქვს 40 ლარიო. აქ მაქვს ქვითრები და გაჩვენებთ. მიკვირს ეს რიღას დავალიანებაა, როცა ამდენ თანხას ვიხდი ყოველთვე. ცოტა ხნის წინ დენი ჩამიჭრეს და მერე ჩავართვევინე. მითხრეს, რომ ეს 40 ლარი მიმდინარე გადასახადთან ერთად ნაწილ-ნაწილ გადაიხადეო," _ გვითხრა ზიათხან ისმაილოვმა.
-"თავისი ვალი და გადასახადი ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ მასე არ არის. ვეუბნებით, რომ გადასახადი ამ ქვითრის მიხედვით გადაგვახდევინეთო, მაგრამ მაინც თავის ნებაზე თხოულობენ ფულს," _ ამბობს ნასიბ მამედოვი.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ენერგოდისტრიბუციის შემოსავლების სამსახურის უფროსი გია ხებრელაშვილი ამბობს:
-"ქვითარში წერია თვის ხარჯი, ანუ მიმდინარე გადასახადი და სრული დავალიანება. ეგენი სამ, ოთხ და ექვს თვეში ერთხელ იხდიან გადასახადს, თანაც არასრულყოფილად. შესაბამისად, დავალიანებაც გროვდება. გამორიცხულია, რომ ქვითარზე ნაჩვენები თანხა გაზრდილი იყოს და არ შესაბამებოდეს რეალობას," _ გვითხრა მან.
კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ჟანა დიდებაშვილის თქმით, კვლავ ძალაშია შეთანხმება კომპანიასა და აბონენტებს შორის, დავალიანების ეტაპობრივად (მიმდინარე გადასახადთან ერთად) დაფარვასთან დაკავშირებით.
-"იმისთვის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა, ვთხოვთ, მოგვმართონ განცხადებით. თანხის შესაბამისად მოხდება თვეების რაოდენობის შერჩევა, თუ რამდენ თვეზე შეიძლება მათი დავალიანების გადანაწილება."
ჟანა დიდებაშვილმა აქვე განმარტა, რომ კომპანია ვერ ახდენს ოჯახების დიფერენციაციას მათი სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობის მიხედვით. ელექტროენერგიის ტარიფი ნებისმიერი სტატუსის მქონე აბონენტისთვის იდენტურია, ერთი და იგივეა და შეღავათი ვერ გავრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები