რუსუდან დუჩიძე ლამბალოს სკოლაში უკვე მეექვსე წელია მუშაობს. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, ამ ხნის განმავლობაში ბევრ ბავშვს შეასწავლა ქართული ენა. ის განსაკუთრებით ამაყობს 2011-2012 სასწავლო წლის კურსამთავრებულებით, რომელთაგან 9 უკვე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია.
-"სხვა კლასის ბავშვებიც აქტიურები იყვნენ, მაგრამ გასულ წელს რომ დაამათავრეს, ის მაინც გამორჩეული კლასი იყო. მათგან 9 ბავშვმა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. აქედან 4 _ სამედიცინოს, ხოლო 5-ჯავახიშვილის სტუდენტი გახდა. ესენი არიან: ელვარ მირზაევი; რუსტამ ქაზუმოვი; ქამრან დეიხანოვი; ჰალმა ალახვერანოვა; ათაშ აშიროვი; მეხრალ რუსტამოვი; მახმად ეიბოვი; ჰური გასანოვა; ელცინ ნასიბოვი," _ გვითხრა რუსუდან დუჩიძემ.
ხუთმა მათგანმა ასპროცენტიანი გრანტი მიიღო.
-"მათ ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩააბარეს. პირველ წელს ისინი ე.წ. მოსამსზადებელ განყოფილებაზე სწავლობენ, ერთი წლის შემდეგ კი სპეციალობაზე გადავლენ. მართალია, ქართული ცოტა უჭირთ, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ ექმნებათ. ამჟამად არდადეგები აქვთ, მაგრამ მაინც მეკონტაქტებიან და მეც ვცდილობ რითაც შემიძლია დავეხმარო," _ გვითხრა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში ქალბატონმა რუსუდანმა აღნიშნა, არც ერთი მოსწავლე ქართულ ენაში კერძო რეპეტიტორთან არ ემზადებოდა, მაგრამ სამაგირეოდ მოწადინებულები იყვნენ და ძალიან კარგად სწავლობდნენ. მისივე თქმით, როდესაც კი თავისუფალ დროს გამონახავდნენ, მაშინვე მასწავლებელთან მიდიოდნენ და მეცადინეობდნენ. რუსუდან დუჩიძის თქმით, ეს მოსწავლეები ტურებშიც იღებდნენ მონაწილეობას, რის გამოც რამდენჯერმე დიპლომითაც დააჯილდოვეს.
-"ბავშვები წარმატებულები იყვნენ არა მარტო ქართულში არამედ ბიოლოგიაში, ქიმიაში, მათემატიკაში. ხშირად მიდიოდნენ ტურებზე საგარეჯოში და შემდეგ კი თბილისშიც. მეექვსე წელია უკვე ამ სკოლაში ვასწავლი და ასეთი მონდომებული კლასი ჯერ არ მყოლია. არ მინდა მათთან ურთიერთობის გაწყვეტა და ისინიც ამავე აზრის არიან", _ ამბობს რუსუდან დუჩიძე.
როგორც ლამბალოს სკოლის რუსული ენის პედაგოგი, ნიზამ შარიფოვი აღნიშნავს, უკვე მრავალი წელია, ამ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშინელ პირობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დიდი წარმატებები აქვთ. ახალი სკოლის მშენებლობა დაწყებულია. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და განახლებულ შენობაში კიდევ უფრო ნაყოფიერეად იშრომებენ და უკეთეს შედეგებსაც მიაღწევენ.
მასალის გამოყენების პირობები