საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი კაზლარი, იორმურანლოს თემის სხვა სოფლებისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. უკვე წლებია, სოფელში არც ექთანი ჰყავთ და არც ექიმი.
-"ჩვენი პირველი დიდი პრობლემა ის არის, ბავშვს სიცხე რომ მისცეს, სოფელში ექთანიც კი არ გვყავს, რომ დაგვეხმაროს," _ გვითხრა უსუფ კასუმოვმა. მისივე აზრს იზიარებს ამავე სოფლის მცხოვრები სოიფადინ ქარიმოვი.
-"არც ამბულატორია გვაქვს და არც ექიმი გვყავს. თუ ცუდად გავხდით, რაიონში მივდივართ. ადრე ფერშალი მაინც გვყავდა. ისიც ჩვენი სოფლელი იყო და იმის სინაბარას ვიყავით. ეხლა თვითონაც ავად არის და მუშაობა აღარ შეუძლია. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ სხვა სოფლებისგან ძალიან შორს ვცხოვრობთ,"_ გვითხრა მან და დასძინა:
-"უბრალო ექთანიც არ გვყავს, რომ ელემენტარული დახმარება გაგვიწიოს. სასწრაფო თუ დაგვჭირდა, მართალია მოდის, მაგრამ ყველაფერზე იმას ხომ ვერ გამოიძახებ? ჩვენი თხოვნაა, იქნებ კვირაში რამდენიმე დღე ექიმი მოვიდეს და ამით მაინც დაგვეხმარნენ."
სოფელ კაზლარის სკოლის პედაგოგის ჰილალ მამედოვას თქმით, სოფელში აუცილებელია სამედიცინო პუნქტი გაიხსნას.
-"როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ბავშვები გვყავს და ასაცრელად სხვა სოფელში მიგვყავს. ადრე ექთანი მაინც იყო, ეხლა ეგეც აღარ გვყავს. სახლში ყველანაირ წამლებს ვიმარაგებთ, ვინმე უცბად ცუდად რომ გახდეს, ერთმანეთს დავეხმაროთ, მაგრამ ასე როდემდე ვიქნებით? ექიმი აუცილებელია. მარტო ბავშვები კი არა, სოფელში მოხუცებიც არიან, რომელთაც ხშირად სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია," _ გვითხრა მან.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლოლაძემ გვითხრა, კაზლარში მოკლე დროში ამბულატორიის გახსნა იგეგმება. -"არის კერძო პიროვნება, რომელიც პროფესიით ექიმია და აქვს სურვილი, ამ სოფელში ააშენოს ამბულატორია, სადაც კვირაში რამდენიმე დღე მოემსახურებიან ავადმყოფებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ მოლაპარაკება გვაქვს და მოკლე დროში ეს საკითხი ალბათ დადებითად გადაწყდება და სოფელს ექიმი ეყოლება."
მანამდე კი მოსახლეობა საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონვე იზრუნებს, ან ექიმის კონსულტაციისთვის კვლავ მეზობელ სოფელში ივლის.
მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები