ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა რომ წლებია არსებობს, ამის შესახებ არა მარტო ქართველები, არამედ აზერბაიჯანელებიც საუბრობენ. როგორც საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა ამბობს, ეს ტრადიცია მამა-პაპადან მოდის და თაობიდან თაობას გადაეცემა.
როგორც 78 წლის ისმეილ ისმაილოვი ამბობს, მას დღემდე ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, წლებია მათთან ურთიერთობას ვერ ახერხებს. `სადაც ადამიანი ცხოვრობს, იქაური ენაც უნდა იცოდეს და მეგობრებიც უნდა ჰყავდეს. ახალგაზრდობაში მეც ბევრი ქართველი მეგობარი მყავდა. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, ოჯახებით ურთიერთობაც გვქონდა. ეხლა უკვე რამდენი ხანია მათი აღარაფერი გამიგია. ჯერ ერთი დავბერდი, მეორეც, ადამიანთან ოჯახში რომ მიცვალ, პატივიც უნდა სცე, რამე წაიღო. ახლა ამის საშუალება აღარ მაქვს, ცარიელი კი ვერსად ვერ მივალ,~ _ გვითხრა ისმეილ ისმაილოვმა.
ბახათ ნამაზოვის თქმით, ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობა ნათელ-მირნობითაც არის განმტკიცებული. `ჩვენი მეგობრობა მამა-პაპადან მოდის, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვეპატიჟებით ლხინში, ქორწილში, ჩვენს შვილებსაც ვანათვლინებთ. ერთმანეთის ნდობაც გვაქვს და პატივისცემაც. სხვანაირად არც შეიძლება. ჩვენს მერე ამ ტრადიციებს ჩვენი შვილები აგრძელებენ,~ _ გვითხრა მან. გაშამ მამედოვი წლებია უკვე დედოფლისწყაროში საქონლის ფერმაში მუშაობს. როგორც ის ამბობს, იქ ბევრი მეგობარი ჰყავს. `წითელწყაროს ფერმაში ბინები გვაქვს, საქონელი გვყავს და ვუვლით. იქ ქართველებიც არიან, ძალიან კარგი ხალხია, ერთად ვართ, ერთად ვჭამთ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ. სტუმრად მივდივართ და მათაც ოჯახებით ვეპატიჟებით. ბავშვებსაც ხშირად ვანათვლინებთ.~ გვითხრა მან და იქვე დაამატა: `არ აქვს მნიშვნელობა ქართველი იქნები თუ აზერბაიჯანელი, მთავარია, ადამიანი იყო.~ მარინა ბეროშვილი
მასალის გამოყენების პირობები