ლანა გულოშვილი
ახალი წელი იორმუღანლოს თემის მოსახლეობისთვისაც ერთ-ერთი საყვარელი საერო დღესასწაულია. პირველი იანვრის დადგომას ისინიც ისეთივე სიხარულით ელიან, როგორც ყველა დანარჩენი. `სპექტრი~
ახალ წელზე და წინასაახლწლო განწყობაზე აზერბაიჯანელებს ესაუბრა. ამბობენ, რომ ამ დღეს ისინიც, ქართველების მსგავსად, ლხინის სუფრით აღნიშნავენ.
`ამ თარიღს ჩვენც სიამვონებით აღვნიშნავთ და წინასწარ ვემზადებით. ამ დღეს სუფრაზე აუცილებლად გვაქვს ინდაურის ხორცი. ყველა ოჯახი ცდილობს, რომ პირველი იანვარი განსაკუთრებულად აღნიშნოს, რაიმე გამორჩეული ტრადიცია, რომელიც ქართველებს არ გაქვთ, არ მახსენდება, ძირითადად ჩვენც თქვენნაირად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს,~ _ გვითხრა თელმან აბასოვმა.
`აზერბაიჯანელები საგანგებოდ ვემზადებით ნოვროზ ბაირამობის აღსანიშნავად, ეს დღე მარტშია და ფაქტიურად ჩვენი ახალი წელია, თუმცა პირველ იანვარსაც ასევე ვშლით სუფრას და ველოდებით ვინ მოვა სტუმრად. წინა დღეებში, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეპატიჟებით ახლობლებს, შინაურებს. ამ დღეს ყველა ქეიფობს. მერე ჩვენ წავალთ სხვასთან სტუმრად და ასე მხიარულებაში გაგვყავს დღე. როგორც ქართველებმა იცით, ჩვენთანაც ასეა. ეს საერთო სახალხო მხიარულება 15-16 იანვრამდე გრძელდება. ნამდვილად კარგი დღესასწაულია. პირველში სუფრაზე აუცილებლად გვაქვს მოხარშული ინდაური ნიგვზით. ბატკნის ხორცი და ასე შემდეგ. თქვენი გაზეთით წინასწარ ყველას ვულოცავ ახალი წლის დადგომას,~ _ ამბობს ირზა მუსტაფაევი.
სოფლის ბირჟაზე შეკრებილი მამაკაცების უმრავლესობა თანხმდება, რომ ახალი წლის აღნიშვნა აუცილებელია და ამ დღის მხიარულებასა და ხალისში გატარება შემდეგ მთელს წელზე აისიახება.
`ძალიან მიყვარს ახალი წელი. რა თქმა უნდა, ეს დღე ყველა ოჯახში სასიამოვნოდ და ხალისით უნდა წარიმართოს. მიყვარს, როდესაც პირველ იანვარს ჩემს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ვატარებ. ამDდღეს ტკბილეული, ხილი უხვად უნდა იყოს ოჯახში, რომ ხვავი და ბარაქა დაგვებედოს.~
აღმოჩნდა, რომ იორმუღანლოს თემის სოფლებში მცხოვრები ქალბატონებიც, დიასახლისები საახალწლოდ იმ საჭმელს ამზადებენ, რაც ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. თუმცა არის გამონაკლისიც _ ეს გოზინაყია, რომელსაც აზერბაიჯანელები საგანგებოდ არა საახალწლოდ, არამედ ნოვროზ ბაირამობისას აკეთებენ.
`თაფლში ამოვლებული ნიგოზი ჩვენც გვიყვარს, მაგრამ ამ ნუგბარს ჩვენი ქალბატონები ძირითადად ნოვროზ ბაირამობის დროს ამზადებენ. ახალ წელს კი სუფრაზე მრავლად გვაქვს შოკოლადები, ხილი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს ეს წელი ყველასთვის ბედნიერების მომტანი იქნება,~ _ გვითხრა ჯახანგირ აბასოვმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს იორმუღანლოშიც ქართველების მსგავსად აღნიშნავენ, მათთან მეკვლის ტრადიციის შესახებ ცნობილი არ არის. ქართულ ოჯახებში ახალი წლის დღეს მეკვლე ნომერ პირველი სტუმარია. ადათ-წესების თანახმად, სწორედ ეს არის ადამიანი, ვის კეთილ გულსა და იღბლიან ფეხზეცაა დამოკიდებული, თუ როგორი წელი ექნება ოჯახს. ამიტომაც მასპინძელი ცდილობს პირველ იანვარს მისი სახლის კარი პირველმა, გამოცდილმა და სახელგანთქმულმა მეკვლემ შეაღოს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რელიგია მეკვლის ტრადიციას არ აღიარებს, ამ ჩვეულებას ხალხში ფესვები ღრმად აქვს გადგმული და ახალი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ამ ტრადიციის შესახებ აზერბაიჯანელებს ვესაუბრეთ, განაცხადეს, რომ ეცდებიან ასეთი ადათი მათთანაც დამკვიდრდეს.
`არ ვიცოდი ასეთი რამ, მშვენიერი წესია, იქნებ ჩვენთანაც შემოვიღოთ,~ _ ამბობს ერთერთი ლამბალოელი.
არიან ისეთებიც, ვინც მეკვლის ტადიციის შესახებ იციან.
`დიახ, ამის შესახებ მსმენია. ძალიან მინდა, რომ ჩვენთანც ასე იყოს. წელს გადაწყვეტილი მაქვს ამ ადათს საფუძველი იორმუღანლოშიც ჩავუყარო,~ _ დასძინა ირზა მუსტაფაევმა. საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა რომ ერთი-ერთი აუცილებელი პირობაა, იორმუღანლოელებისთვისაც კარგადაა ცნობილი. ეს სოფლის მაღაზიებშიც შეიმჩნევა, სადაც ფერად-ფერადი სათამაშოები და ხელოვნური ნაძვის ხეები მყიდველებს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები