მარინა ბეროშვილი
ნიარა მამედოვა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და შვილიშვილები. როგორც ყველა დიასახლისი, ისიც ოჯახის მოვლითა და შვილებზე ზრუნვით არის დაკავებული. როგორც ჩვენთან საუბარში ქალბატონმა ნიარამ აღნიშნა, ის ყოველ დილით ადრე დგება და ზრუნავს, რომ სანამ ოჯახის წევრები ადგებიან მათთვის საუზმე მოამზადოს.
"დილით ყოველთვის ადრე ვდგები, თუ ზამთარია, პირველ რიგში ფეჩს ვანთებ და შემდეგ კი სანამ ოჯახის წევრები ადგებიან, საუზმისთვის სამზადისს ვიწყებ. პირველ რიგში ვდგამ სამოვარს ჩაისთვის, ეს ჩვენში ძალიან მიღებულია, ხოლო შემდეგ ვამზადებ მაგიდას. დილით ყოველთვის გვაქვს ჩაი, კარაქი, პური და თაფლი," _ გვითხრა მან.
როგორც ნიარა მამედოვა ამბობს, დიასახლისისთვის მთელი დღის განმავლობაში ოჯახში საქმე გამოულეველია. როდესაც ოჯახის წევრებს გაისტუმრებს, ის სახლის დასუფთავებას იწყებს, მოაქვს წყალი, ალაგებს ოთახებს, უვლის შინაურ ფრინველებს და ეზოში ფუსფუსებს.
"ამ ყველაფრის შემდეგ ვიჭერ თადარიგს სადილისთვის. რაც იმ დროისთვის გვაქვს სახლში, იმას ვამზადებ, ეს იქნება ხორცი, კარტოფილი თუ სხვა. ასევე, თუ ოჯახში პური არ გვაქვს, ვიწყებ პურის გამოცხობას, რაზეც საკმაო დრო იხარჯება,"_ გვითხრა მან.
მიუხედევად იმისა, რომ წყალი ეზოში არ მოსდის და შორი მანძილიდან ეზიდება, კვირის განმავლობაში ორი, სამი დღე მაინც უწევს სარეცხის დარეცხვა, რომელიც დიდ ჯაფასთან არის დაკავშირებული.
"იცით, რომ სოფელში წყალი არ გვაქვს, ამიტომ მისი მოზიდვა შორი მანძილიდან მიხდება ხან ბალონით, ხან კიდევ თუნგით. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება, რადგან წყაროსთან ყოველთვის ქალების რიგი დგას. ოჯახში პირველ რიგში წყალია საჭირო, თუ ის არ არის, ვერაფერს ვაკეთებ. ჭურჭელი უნდა დავრეცხო, სახლები დავალაგო, სარეცხი დავრეცხო და ასე შემდეგ. მართალია, საქონელი არ მყავს, მაგრამ მაინც ბევრი წყალია საჭირო. თუ სარეცხი არ მაქვს დასარეცხი, მაშინ პურია გამოსაცხობი. ოჯახში ქალის საქმეს რა გამოლევს," _ გვითხრა ნიარა მამედოვამ და საოჯახო საქმეების კეთება განაგრძო.
მასალის გამოყენების პირობები