ლანა გულოშვილი
მუსლიმანური რელიგია რომ მრავალცოლიანობას არ კრძალავს, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. არაერთ მაჰმადიანურ ქვეყანაში სარწმუნოებიდან მომდინარე ტრადიცია, სახელმწიფოს კონსტიტუციური უფლებით აქვს გამყარებული. განსხვავებით ისლამისა, ქრისტიანული მრწამსი მამაკაცს ავალდებულებს, რომ მხოლოდ ერთი მეუღლე ჰყავდეს, შესაბამისად, ამასვე მოუწოდებს ქართული კანონმდებლობაც.
საქართველო, რომ მრავალეთნიკური ქვეყანაა და გვერდიგვერდ მეგობრულად და მეზობლურად ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, თუ ებრაელები, ესეც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. უკვე მრავალი წელია, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში ქართულ ტელეარხებზე, სხვადასხვა თოქშოუებში, ხშირად საუბრობენ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას და მრავალცოლიანობის დაშვებას ითხოვენ.
`სპექტრმა~ აღნიშნულზე თავად იორმუღანლოელ აზერბაიჯანელებთან ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ რეალურად ისინი ამ საკითხის ოფიციალურ დაკანონებას არ ითხოვენ და არც ეს ტრადიცია მოსწონთ. სოფლის ბირჟაზე შეკრებილი მამაკაცები თემამ გაამხიარულა კიდეც. ისინი კომენტარებს ხუმრობანარევი ტონით აკეთებდნენ.
`ჩვენ, ამ სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები მრავალცოლიანობის მომხრენი არ ვართ. რაღა დროს მეორე და მესამე ცოლია. ისე გაჭირდა ცხოვრება, ზოგი ერთს ვერ ინახავს. თანაც ქალები იჩხუბებენ ერთმანეთში. ვის აქვს მათი გაშველების ნერვები?~ _ ამბობს ნასიბ ალახვერდიევი.
`ჩვენს სოფელში რამდენიმე წლის წინ სამი კაცი ცხოვრობდა, დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის. თითოს ორი-სამი ცოლი ჰყავდა. დღესდღეობით მდგომარეობა შეიცვალა, მრავალცოლიანობის მომხრე აღარავინაა. სასაცილოა, ამაზე სერიოზულად საუბარი,~ _ გვითხრა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხელა.
თუმცა შეგვხვდნენ ისეთი რესპოდენტებიც, ვინც კითხვა შეურაცხყოფად მიიღეს და შეეცადნენ აეხსნათ, რომ ეს ტარდიცია მათთვის მიუღებელია.
`იორმუღანლოს თემში ასეთი ოჯახები არ არის. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ თითზე ჩამოსათვლელია. არავინაა იმის მსურველი, რომ ორი და სამი ცოლი ჰყავდეს. საზოგადოებშიEკი აქვთ ასეთი წარმოდგენა ჩვენზე, თუმცა ეს ბინძური პროპაგანდაა. ჩვენი ტომი თურქეთიდან მოდის და იქ მრავალცოლიანობის მომხრენი არ არიან. ჩვენც ამ პრინციპით ვცხოვრობთ,~ _ გვითხრა ქამილ ნასიბოვმა. `სპექტრი~ შეეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ქალბატონების აზრიც მოესმინა. თუმცა მათ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები