ლანა გულოშვილი
13 დეკემბერს იორმუნღალოს თემის მოსახლეობამ სამი სოფლის _ ლამბალოს, დუზაგრამისა და იორმუღანლოს, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები აირჩია. ადგილობრივებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძეც ესტუმრა. მან ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემები მოისმინა და მათ გადაჭრას დაპირდა. ადგილობრივები ამ სოფლების ადმინისტრაციული შენობის ეზოში შეიკრიბნენ და არჩეული კანდიდატების შესახებ იმსჯელეს. როგორც ისინი `სპექტრთან~ საუბარში აცხადებდნენ, ახალი რწმუნებულების იმედი აქვთ. სოფელ ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუბარიზ მამედოვი დაასახელეს.
`ჩვენს ხელმძღვანელად ეს კაცი სოფელმა ერთობლივად ავირ|ჩიეთ. კარგი ადამიანია, საქმის კეთებაც შეუძლია და გვჯერა, რომ ხალხის სათქმელს რაიონიში აუცილებლად ჩაიტანს,~ _ გვითხრა ლამბალოს მკვიდრმა ახმედ სეიდოვმა.
რწმუნებული მუბარიზ მამედოვი ამბობს, რომ სოფლისთვის ყველაფერს გააკეთებს და იმ საკითხებს გადაჭრის, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
`სოფლის გამგებლად პირველი დეკემბრიდან დავინიშნე. ხალხმა ასე გადაწყვიტა. დღეს უბრალოდ კიდევ ერთხელ ვხვდებით მოსახლეობას და რაიონის გამგებელს, რათა ამას უკვე ოფიციალური სახე მიეცეს. შევეცდები, ჩვენს სოფელში არსებული პრობლემები დროულად გადაიჭრას. ძირითადად ეს არის საძოვრების და ნაკვეთების არარსებობა, რომელიც ხალხს გაუყიდეს.~ მსგავს პრობლემებზე საუბრობს დუზაგრამას ახლადარჩეული რწმუნებული ქამილ გასაევიც.
`უამრავი რამ გვაქვს მოსაგვარებელი და გადასაჭრელი. ხალხს ძალიან უჭირს. არ აქვთ ნაკვეთები, არც დახმარებებს იღებებნ. ჩვენ თითოეული ოჯახის პრობლემას მოვისმენთ და გადავწყვეტთ,~-ამბობს ის.
`ქამილი რწმუნებულად ჩვენ ავირჩიეთ, მოსახლეობამ. მისი გვჯერა და იმიტომ. წინა ხელისუფლებამ სოფელი გააპარტახა. იმედია, ეხლა მიანც გვეშველება რამე,~ _ გვითხრა დუზაგრამის მკვიდრმა ჯანთიკ მურიევმა. იორმუღანლოს მოსახლეობამ ნდობა ნათიკ რასულოვს გამოუცხადა.
`სოფელმა დამასახელა გამგებლად. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და პატივიც. ვეცდები მათი იმედები გავამართლო,~ _ აღნიშნა მან.
`ახალგაზრდა კაცია, ცოდნაც აქვს და მონდომებაც. უმრავლესობაც ამიტომ ვასახელებთ მას,~ _ ასე ფიქრობენ იორმუღანლოელები. ვიზიტის შესახებ `სპექტრმა~ კითხვა მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ლოლაძესაც დაუსვა.
`დღეს ვესტუმრეთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. გვაინტერესებს, მათი პრობლემები. გვინდა მოვისმინოთ რა აწუხებთ, როგორ ცხოვრობენ. ძირითადად ისინი საძოვრების გაყიდვაზე და ნაკვეთების უქონლობაზე საუბრობენ. ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, როგორ გადავჭრით ამ საკითხს. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლა და სიტუაციაში ძირეული გარკვევაა საჭირო. თუმცა პირობას ვდებ, რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. ასევე დღეს ირჩევს მოსახლეობა სამი სოფლის: დუზაგრამა, ლამბალო, იორმუღანლოს რწმუნებულებს. თუ ვინ იქნებიან ისინი, ხალხის გადასაწყვეტია. მათ უკეთ იციან ვინ იმსახურებს ამ თანამდებობას,~ _ აღნიშნა გიორგი ლოლაძემ.
მოსახლეობა შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ რაიონის და სოფლის ხელმძღვანელობაა არსებულ პრობლემებს უახლოეს მომავალში გადაჭრის.
მასალის გამოყენების პირობები