ლანა გულოშვილი
სოფელ ლამბალოს სკოლის მოსწავლეებს აითაჩს, ლეილას, ხათინს და საბის განსაკუთრებული რამ აერთიანებთ. უფალს ოთხივესათვის შემოქმედებითი ნიჭი უბოძებია. თუ აითაჩი და ხათინი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ქსოვას უთმობენ, ლეილა და საბი სიამოვნებას ხატვისას იღებენ. ქსოვისა, თუ ხატვისას განცდილ ემოციებზე მათ დაუზარელად ისაუბრეს ჩვენთან. აითაჩმა გაგვიმხილა, რომ ყველაზე მეტად ფერადფერადი შარფების ქსოვა უყვარს.
`უკვე დიდი ხანია, რაც ვქსოვ, მეგობარმა მასწავლა. თითქმის ყველაფრის ქსოვა მეხერხება, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი გაკეთებული შარფები მომწონს და მიყვარს. მინდა, რომ კიდევ უფრო ლამაზი თვლებისა და ორნამენტების გამოყვანა ვისწავლო." ქსოვა ხათინმაც კარგად იცის.
"როდესაც გაკვეთილების მომზადებას ვამთავრებ ქსოვას ვიწყებ. ძალიან მიყვარს ხელსაქმე. ბედნიერი ვარ ჩემს ნამუშევრებს რომ ვუყურებ, მინდა ყველას ვაჩვენო ხოლმე."
დამწყებმა მხატვარმა ლეილა ედგაროვამ არ იცოდა, რომ იმ დღეს მათ სკოლაში მისვლას ვაპირებდით. ამიტომ გული დასწყდა, საკუთარი ნახატები რომ ვერ გვაჩვენა.
`ბავშვობიდან ვხატავ, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სახლში კუთხე მაქვს მოწყობილი, სადაც ვხატავ და შემდეგ ჩემს ნამუშევრებს ვაწყობ. ყველა სურათი ერთნაირად მიყვარს, ამიტომ ერთ-ერთს ვერ გამოვყოფ"-გვითხრა მან.
სკოლის დერეფანში, კლასელებსა და მეგობრებთან მოხტუნავე ცელქი საბი იმ წუთას დასერიოზულდა, როცა საკუთარ ნახატებზე ჩვენთან საუბარი დაიწყო. მის სახატავ რვეულში საინტერესო მრავალფეროვნებას გადავაწყდით. ადამიანები, ხეები, ყვავილები, წიგნებიდან გადახატული სურათები საბიმ გულდასმით დაგვათვალიერებინა.
`მესამე კლასიდან ვხატავ, მატემატიკის მასწავლებელმა მასწავლა. მიყვარს, როდესაც სხვადასხვა საგნებს ვუყურებ და შემდეგ ფურცელზე გადამაქვს.~
ლამბალოს სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან დუჩიძე ამ ბავშვებზე სიყვარულით და სითბოთი გვესაუბრა. მის თითოეულ სიტყვაში საკუთარი მოსწავლეებისადმი მზრუნველობა იგრძნობა. სიამაყით გვიჩვენა საბი აშიროვის კალიგრაფიის რვეულიც.
"ეს ბავშვი ქართულად ძალიან ლამაზდ წერს. ალბათ ამაში ხატვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც ეხმარება. მსიამოვნებს, როდესაც საბის რვეულს გადავშვლი ხოლმე. რამდენიმე დღის წინ კალიგრაფიაში კონკურსი ჩავატარე და საბი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა." როგორც ჩანს, ლამბალოს სკოლაში კიდევ ბევრი ნიჭიერი მოსწავლეა, რომლებსაც მომავალში გაზეთის ფურცლებს აუცილებლად დავუთმობთ.
მასალის გამოყენების პირობები