ლანა გულოშვილი
იორმუღანლოს თემში სტუმრობისას კიდევ ერთ საინტერესო ადამიანს შევხვდით. სოფელ მუღანლოში მცხოვრები, 85 წლის ისმაილ ჯამალოვი მეზობლებთან ერთად მყუდროზე იჯდა და მზეს ეფიცხებოდა. თანაც ქვეყნის ამერსა თუU იმერზე საუბრით იქცევდა თავს. ისიც შევამჩნიეთ, რომ ისმაილ ჯამალოვს გარშემომყოფნი პატივს სცემენ, მოწიწებით ეპყრობიან და აზრს ეკითხებიან. მოხუცის მშვიდმა გამოხედვამ, სევდანარევმა ღიმილმა და სასიამოვნო ბარიტონმა, ჩვენც მასთან სასაუბროდ განგვაწყო. მისმა პერსონაჟმა განსაკუთრებით მას შემდეგ დამაინტერესა, რაც მეზობლებმა გვითხრეს:
`ჩვენი სოფლის მოლაა და თანაც საინტერესო ლექსებს წერსო.~ წერა ახალგაზრდობაში დაუწყვია.
`25 წლის ვიყავი, როცა პირველად ლექსის დაწერის სურვილი გამიჩნდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. უკვე 85-ის ვარ. ხანდახან ახლაც მინდება რაიმე დავწერო. თუ ეს საქმე გიყვარს, ასაკი, წლები არაფერს ნიშნავს. მიყვარს ბუნება, მშვენიერი გარემოს ცქერა, ბუმბერაზი მთების ყურება. ჩემი ლექსების ნაწილიც ბუნების მშვენიერებას ეძღვნება. მის თვალუწვდომობასა და უსასრულობას,~ _გვითხრა პოეტმა. მერე ჩაიცინა, თვალებში ახალგაზრდული ჟინი აუკიაფდა და დასძინა:
`ყრმობაში სატრფიალო ლექსებსაც ვწერდი. ჩემს თანატოლ გოგონებს ვუძღვნიდი ამ სტროფებს. კარგი დრო იყო...~
ისმაილ ჯამალოვი ბედნიერი ადამიანია. ის მრავალრიცხოვანი ოჯახის უხუცესი წევრია. უკვე მეხუთე თაობას მოესწრო: შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. პოეზიისადმი გენეტიკური სიყვარული მის ერთ-ერთ ვაჟსაც გამოჰყოლია, რომელიც ახლა ყაზახისტანში ცხოვრობს. ჩვენთან საუბარში პოეტმა სიამაყით აღნიშნა, რომ გამოცემული აქვს ლექსების კრებული-"ალალ მაია." წრფელი გულის პატრონი ისმაილ ჯამალოვი ლექსების წერის თუ ოჯახის გაძღოლის პარალერულად 30 წელია მოლაა. ახლობლების, თანასოფლელებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ლოცულობს. ამავდროულად, სულიერი საზრდოს მიწოდებას არც სხვებისთვის იშურებს. მათაც ლოცვისა და სიკეთის თესვისაკენ მოუწოდებს.
"ამქვეყნად წრფელი, ალალი, ცხოვრებით უნდა იცხოვროს ადამიანმა. წუთისოფელს განსაცდელიც ახლავს თან, მაგრამ ყველაფერი გადაილახება," _ ამბობს იმედით აღსავსე სიტყვებით.
მასალის გამოყენების პირობები