აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავი მანანა ჯაფარიძე, წარმოშობით ქართველია და თბილისში დაიბადა. სცენაზე პირველად 5 წლის ასაკში გავიდა. ის იყო სოლისტი ძალიან პოპულარული საბავშვო ანსამბლებისა ,,თოლია~ და ,,ჩიორა~. სკოლის პარალელურად მან დაამთავრა თბილისის გიმნაზია ვოკალის ხელოვნების კუთხით. 1995 წელს ჩაირიცხა გერმანული ფილიალის თბილისის თანამედროვე ხელოვნების ჯაზისა და შოუ-ბიზნესის აკადემიაში ვოკალის განყოფილებაზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2000 წელს. მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, სადაც უმაღლესი ჯილდოები აქვს მოპოვებული.
1996 წელს გახდა ბორჯომში გამართულ ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსის ,,ბროლის ნაძვის~ გამარჯვებული, 1997 წელს კი გაიმარჯვა მოსკოვში ჩატარებულ ფესტივალზე ,,ბროლის ნოტი~. 1998 წელს მანანა ჯაფარიძე ჩავიდა ბაქოში, სადაც დაიწყო მისი პროფესიული და შემოქმედებითი კარიერა. ბაქოელ მსმენელის წინაშე პირველივე გამოსვლამ მას დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა. ბუნებრივმა ნიჭმა, არაჩვეულებრივმა ვოკალმა და პროფესიონალიზმმა მას შესაძლებლობა მისცა, ყველასთვის უცნობი დამწყები მომღერალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი არტისტი _ აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავი გამხდარიყო. 1999 წლიდან კონკურსებზე უკვე აზერბაიჯანის სახელით გამოდის, მიღებული აქვს მაღალი ჯილდოები და პრიზები. მანანა გვევლინება იმ მცირერიცხოვან მომღერალთა შორის მსოფლიოში, რომელიც 3 გრან-პრის მფლობელია. ის არაჩვეულებრივ დამოკიდებულებაშია კოლეგებთან, უყვარს მსმენელს და არ უსმენს ჭორებს.
_ ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი მისი სახელი და რეპუტაციაა. ამ ქვეყნიდან ჩვენი წასვლის შემდეგ როგორ დავრჩებით ხალხის მეხსიერებაში, ეს ჩვენს ქცევებზეა დამოკიდებული. იმ ხნის განმავლობაში, რაც მე აზერბაიჯანულ ესტრადაზე მვუშაობ, `კარგი გოგოს~ როლის თამაში უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მე ვარ ისეთი, როგორის ვარ. ჩემი მშობლებისგან ბევრი ვისწავლე, ისინი ჩემთვის მაგალითს წარმოადგენდნენ. მე და ჩემს ძმას გვასწავლიდნენ პირველ რიგში სხვების მიმართ პატივისცემას. ცხოვრება რთულია და მისი ღირსეულად გავლა კი _ უფრო რთული. უნდა იარო წინ, მიაღწიო წარმატებას, მაგრამ ისე, რომ შენი სახე არ დაკარგო, სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოგიტანს ვერც დიდებას და ვერც წარმატებას.
_ შესაძლებელია, რომ თქვენი მომავალი ვარსკვლავობა თქვენმა მშობლებმა განაპირობეს?
_ მე არ შემეძლო არ გავმხდარიყავი მომღერალი, პიანინო 2 წლის ასაკში მიყიდეს და ჯერ კიდევ მაშინ ვცდილობდი კლავიშებზე შემექმნა რაღაც, სახლში ვაწყობდით იმპროვიზირებულ კონცერტებს. მიუხედავად იმისა, რომ მამა ინჟინერ-მშენებელია და დედა _ ექიმი, ისინი ყოველთვის გატაცებულნი იყვნენ მუსიკით. ჩვენ საკუთარი კვარტეტიც კი გვქონდა, მამა უკრავდა გიტარაზე, ძმა _ ან ვიოლონჩელოზე, ან გიტარაზე, დედა ფანდურზე და მე ფორტეპიანოზე. ეს ტრადიციად იქცა.
_ შეიცვალა თუ არა პირადად თქვენთვის რამე იმ წლების განმავლობაში, რაც აზერბაიჯანულ სცენაზე გამოდიხართ?
_ გავხდი უფრო მომთმენი, შესაძლებელია ცოტა მკაცრიც, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. აზერბაიჯანში 18 წლის ასაკში ჩამოვედი, ვიყავი აბსოლუტურად მიამიტი ბავშვი, მჯეროდა ყველასი და ყველაფრის. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს რწმენა ადამიანების მიმართ გამიქრა. უბრალოდ რეალობამ გამხადა უფრო მობილიზებული და შეუპოვარი. იმისათვის, რომ მიმეღწია წარმატებისთვის, საკუთარ თავზე დიდი მუშაობა დამჭირდა. ყოველთვის მაღელვებდა როგორ მიიღებდა ჩემს შემოქმედებას ხალხი, რომლისთვისაც ვმღერი და არა შოუბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ, თუმცა არც ეს არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. დიახ, დასაწყისში იყო სირთულეები, მაგრამ მე შევძელი მისი გადალახვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს თავზე აღარ ვმუშაობ, პოპულარობის მოპოვება ადვილია, მთავარია მისი შენარჩუნება. დედა ყოველთვის მეუბნებოდა _ მოითმინე და შენ შენს სიტყვას აუცილებლად იტყვიო, ვფიქრობ მე ჩემი სიტყვა ნაწილობრივ უკვე ვთქვი.
_ თვლით, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი, თუ ფიქრობთ, რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს.
_ ბედის მჯერა, და მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს. უნდა იცხოვრო რეალურად და არ შეიქმნა ილუზიები. როდესაც ღმერთმა ადამიანს რაიმე უნარი მისცა, ეს უნდა რეალობად აქციო და წინ იარო. ამასთან ერთად, ყველაზე მთავარია, მიაღწიო წარმატებას ისე, რომ შეინარჩუნო წესიერი და პატიოსანი ადამიანის სახე.
მასალის გამოყენების პირობები