ლანა გულოშვილი
ექვსი წელია, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოს სკოლა არ აქვს. ადგილობრივების თქმით, შენობაში ავარიული იყო, ამიტომაც ამ ხნის განმავლობაში სასწავლო პროცესი ნაქირავებ შენებობებში მიმდინარეობს. ბოლო სამი თვეა, რაც ძველი სკოლის დემონტაჟი დაიწყეს. სასწავლო ნაწილის თქმით, მომავალი წლიდან შენობას დასრულებული სახე ექნება. მანამდე კი გაკვეთილების ჩატარება კვლავ რთულ პირობებში მოუწევთ.
სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა ორ ნაქირავებ სახლებშია განთავსებული. პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვები ერთ შენობაში არიან. მეშვიდე-მეთორმეტე კლასელების სასწავლო ოთახები კი სხვა უბანშია განთავსებული. `სპექტრის~ ფოტოობიექტივმა დააფიქსირა ერთმანეთისგან ე.წ. `დიქტით~ გამოყოფილი საკლასო ოთახები იატაკის გარეშე. სკოლაში არსებულ პირობებზე თავად მასწავლებლები გვესაუბრნენ.
`ექვსი წელია, ასეთ ვითარებაში ვასწავლით ბავშვებს. XXI საუკუნეში მსგავს გარემოში მუშაობა, საშინელებაა. ძალიან გვიჭირს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. არადა, ჩვენს სკოლაში ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ, რაც ასეთ პირობებში ადვილი არ არის. იმედი გვაქვს, ახალი მთავრობა მოგვხედვას. ახლახანს დაიწყეს ლამბალოს სკოლის დაზიანებული შენობის დანგრევაც. ალბათ ახალს მალე ააშენებენ,~ _ გვითხრა სკოლის აზერბაიჯანული ენა-ლიტერატურის მასწავლებელმა ფახრატ ყუბანოვმა.
აღნიშნულ თემაზე `სპექტრთან~ სასწავლო ნაწილის გამგე მამედ მამედოვმაც ისაუბრა.
`ლამბალოს საჯარო სკოლის ჩამონგრევის საფრთხე ექვსი წლის წინ გაჩნდა. ამიტომ საჭირო გახდა სხვა ფართის მოძიება, რომ სწავლის პროცესი არ შეჩერებულიყო. ვიქირავეთ შენობები. ყოველ წელს გვპირდებოდნენ სკოლას გავაკეთებთო, მაგრამ მას შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა და ბავშვებს დღესაც გაუსაძლის პირობებში ვასწავლით. მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ძველი სკოლის დანგრევა დაიწყეს. გვითხრეს, 2013 წლის სასწავლო სეზონს ახალ სკოლაში შეხვდებითო. ჩვენც ამის იმედი გვაქვს. სკოლაში ბევრი მოსწავლეა. რამდენიმე პარალელური კლასია, ოთახების სიმცირის გამო კი ორი სმენა გვაქვს დაწესებული. მოსწავლეთა ერთი ნაკადი შუა დღეზე იწყებს მეცადინეობას. მერე გვიან უმთავრდებათ. ზამთარი მოდის, დღე პატარავდება და სახლში წასვლა პედაგოგებისთვისაც და ბავშვებისთვისაც უფრო მეტად გაჭირება. ეს ექვსი წელი დავიღალეთ. თქვენც კარგად ხედავთ, რა რთულია ასეთ გარემოში მუშაობა. ვთხოვ ახალ ხელისუფლებას, ყურად იღოს ჩვენი გასაჭირი.~
სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად ბავშვებს არც სპორტული მოედანი აქვთ. ამიტომ სპორტის გაკვეთილები ეზოში უტარდებათ. ფიზიკური ვარჯიშების ძირითად ნაწილს კი ლახტით ხტუნაობა და ბურთით თამაში წარმოადგენს. აიგუან თანარვერდიევი ლამბალოს სკოლის უფროსკლასელია. ისიც მოუთნებლად ელოდება ახალ შენობაში გადასვლას.
`გვითხრეს მომავალი სასწავლო წლიდან განახლებულ სკოლაში ისწავლითო. ძალიან გვიხარია მე და ჩემს მეგობრებს ეს ამბავი. აქ რთული გარემოა სწავლისთვის.~ _ გვითხრა მან.
გარდა აზერბაიჯანული განყოფილებისა, მსურველებს სწავლა ქართულ სექტორშიც შეუძლიათ. `სპექტრი~ იქ ყოფნის პერიოდში რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო, როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულენოვან კლასებში. ყველგან ერთი და იგივე სურათი დაგვხვდა. ენთუზიაზმით გამსჭვალული მოსწავლე-მასწავლებლები, არაკომფორტულ შენობაში, რომელსაც ცემენტის იატაკი და დაზიანებული ფანჯრები აქვს, სიცივეს მხნედ უმკლავდებიან, იმ იმედით, რომ ექვსწლიან გაუსაძლის ყოფას ბოლო მალე მოეღება.
მასალის გამოყენების პირობები