მსახიობი და მოდელი ვილიამ ლევი, რომლის სრული სახელია, ვილიამ გუტიერეზ ლევი, დაიბადა 1980 წლის 29 აგვისტოს, კუბაში. 13 წლის ასაკში მაიამიში გადასახლდა, მას შემდეგ თავის ოჯახთან ერთად წავიდა სამხრეთ კალიფორნიაში. იგი ბავშვობაში ბეისბოლს თამაშობდა, მაგრამ ძლიერი ტრავმის გამო თავი დაანება.
კარიერა სამოდელო სააგენტოში გააგრძელა, ამის შემდეგ მიიღო მონაწილეობა ტელემუნდოს ორ სატელევიზიო გადაცემაში: "ცდუნების კუნძული" და "მსახიობების რომანი 2". სწორედ აქ გაიცნო მისი მომავალი შვილების დედა მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი ელიზაბეტ გუტიერესი, მასთან შეეძინა ორი შვილი კაილი ალეხსანდრა და კრისტოფერ ალექსანდრე. მისი, როგორც მსახიობის კარიერა იწყება მაიამიში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ვენევისიონის ტელე ნოველებში. ლევი ასევე თამაშობს თეატრში და მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე წარმოდგენაში. "საპნის ოპერის" ცნობილი მსახიობი ვილიამ ლევი მონაწილეობდა შოუში ,,ეცეკვე ვარსკვლავს". ქალების კერპს შოუში პარტნიორობას პროფესიონალი მოცეკვავე ჩერლი ბურკი უწევდა. ის ორ წყვილთან ერთად ფინალში გადავიდა და მესამე ადგილი დაიკავა. მას მეუღლე და შვილებიც გულშემატკივრობდნენ. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილიამი და ელიზაბეტი ერთმანეთს დაშორდნენ! გთავაზობთ ინტევიუს ვილიამ ლევთან:
– ამბობენ, წარმატებამ თავბრუ დაგახვიათ.
– არა, ისეთივე ვარ, როგორიც ადრე ვიყავი – მოკრძალებული, მხიარული, თავმდაბალი და უშუალო. ვცდილობ, მიღწეული შევინარჩუნო და წინაც წავიწიო. არ მეთაკილება იმის აღიარება, რომ მსახიობობას ახლაც ვსწავლობ.
– როგორ ახერხებთ, იყოთ ასეთი პოპულარული და თან უბრალო?
– მადლობა ღმერთს, ისეთ ქვეყანაში დავიბადე, სადაც ადამიანები თავიანთი ბუნებით ფასობდნენ. ფული ახლა მაქვს, ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები კი ამდენი წელია ჩემს გარშემოა.
– როგორია თქვენი ყველაზე ნათელი და სასიამოვნო მოგონებები ბავშვობაზე?
– როცა კუბაში ვცხოვრობდით, ძალიან ცელქი ვიყავი. მეზობლებს მანგოსა და ფორთოხალს ხშირად ვპარავდი. კუბაში ორი სახის მაღაზიები და რესტორნებია, ერთი – კუბელებისთვის, მეორე – უცხოელებისთვის. ამ რესტორნებში ვუყურებდი ჩემნაირ ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს ჭამდნენ, რაც კი მოესურვებოდათ. იყო ჩემს ბავშვობაში პერიოდი, როცა მთელი დღე ორი ფუნთუშის მეტი არაფერი მიჭამია, ესეც იმიტომ, რომ ბებიამ თავისი წილი მომცა. ეს მომენტები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
– მამის გარეშე იზრდებოდით?
– დიახ. მამაჩემი ცხოვრებაში სულ ორჯერ თუ მყავს ნანახი. მისი ადგილი ჩემს ცხოვრებაში ბიძია ხესუსმა დაიკავა. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
– მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ ოდესმე პოპულარული გახდებოდით?
– სანამ კუბაში ვცხოვრობდი, საკუთარ მომავალს მოგზაურის ამპლუაში ვხედავდი. ჩემი მიზანი იყო, გავცდენოდი კუბას და მთელი სამყარო დამეთვალიერებინა. მაიამიში მივხვდი, რომ შემეძლო, საკუთარი ძალები კინოში მესინჯა. იქ თუ კარგი გარეგნობის ხარ, მაშინვე გართობის სფეროში გექაჩებიან.
– რა არის მთავარი, რომ წარმატებული ტელემსახიობი გახდე?
– მოხვდე საჭირო პროექტში, კარგად შესთავაზო საკუთარი თავი და საჭირო ადამიანებმა შეგამჩნიონ. წარმატებამდე რთული გზა გავიარე. ადვილად არაფრისთვის მიმიღწევია. მოდელი ვიყავი და 3 საათი კასტინგის რიგშიც ვმდგარვარ, რომ როგორმე ჩვენებაზე ან ფოტოსესიაში მიმეღო მონაწილეობა. ამ პერიოდმაც ბევრი რამ მასწავლა.
– ცხოვრებამ რა გაკვეთილები ჩაგიტარათ?
– პირველ რიგში, ის, რომ უნდა გქონდეს საკუთარი პრინციპები. ბევრი მოდელი ისეთ რამეს კადრულობდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. საკუთარ თავს მონებივით ყიდდნენ. ასეთი ადამიანები საბოლოოდ დამარცხებულები და ყველასაგან მიტოვებულები რჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები