ინგა ბიტარაშვილი
მარინა ბეროშვილი
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" იურმუღანლოს თემშიც ისეთივე ხარვეზებით განხორციელდა, როგორც მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სხვა სოფლებში (ამის შესახებ `სპექტრი~ #21(320)-ის ჩანართში წერდა). აღნიშნულის შესახებ, ადგილობრივები ღიად საუბრობენ. მათი თქმით, სოფელი უპატრონოდაა დარჩენილი, პრობლემების გადასაჭრელად გამოყოფილი თანხა კი "ვიღაცის ჯიბეში მიდის".
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში (სოფლები: იორმუღანლო, ქეშალო), 5994 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს (წყარო საგარეჯო.გე). `სოფლის მხარდაჭერის პროფრამის ფარგლებში" ოფიციალური მონაცემებით 2010 წელს, იორმუღანლოში სასოფლო გზის რეაბილიტაციისთვის 29 ათას 092 ლარი გამოიყო, ხოლო ქეშალოში ამავე საკითხის მოსაგვარებლად _ 43 461 ლარი განისაზღვრა. რაც შეეხება 2011 წელს, ჭაბურღილის მოწყობის მიზნით იორმუღანლოსთვის _ 31 ათას 312 ლარი, ხოლო ქეშალოსთვის _ 43 ათას 340 ლარი გამოიყო.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, დებულების მიხედვით, უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, ჩატარდეს სოფლის კრება, სადაც მოსახლეობა თავად შეარჩევს პრიორიტეტულ საკითხებს. თუმცა ამის შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობა ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ისინი ამბობენ, კრება არ ჩატარებულა და სოფლის პრობლემებითაც არავინ დაინტერესებულა.
"ამ პროგრამის შესახებ არაფერი ვიცით, აბა ვინ რით გვეხმარება?! გზა ორი წლის წინ ვითომ გააკეთეს. სინამდვილეში ფული შეჭამეს. სოფელში, არავინ მოსულა და არ უკითხავს რა პრობლემა გვაქვს, სრული უპატრონობაა. თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებდნენ, პირველ რიგში, წყლის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. გარდა ამისა, მიწები ყოფილმა საბჭოს თავმჯდომარემ გაგვიყიდა და ფულიც იმან ჩაიდო ჯიბეში," _ გვითხრა გასანოვი სურად სულეიმანოღლიმ და იქვე სოფლის რწმუნებულის უპასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
"სოფლის რწმუნებული, თაფთიხ გაჯიევი, ამჟამად შორს არის წასული და სავარაუდოდ, 10 დღე არ ჩამოვა. თუმცა, ისედაც უპატრონოდ ვართ, რწმუნებული ხალხში არასოდეს გამოდის და არ გვეკითხება რა გვიჭირს," _ აღნიშნა მან.
მის აზრს ეთანხმება მარდანოვი მუხტარ მარდან ფაშაოღლი.
"უპრობლემო სოფელი არ არსებობს. რაღაც საკითხები მოგვარდა. ადრე ქურდობები იყო, თუმცა ასეთი რამ დღეს აღარ ხდება. რაც შეეხება თქვენს კითხვას კრების თაობაზე, მიმდინარე წლისგან განსხვავებით შარშან ჩატარდა, პრიორიტეტად სასმელი და სარწყავი წყალი დავასახელე. მითხრეს, თქვენს სურვილებს რეგიონის უფროსს გავაცნობთ და რასაც გვეტყვის, იმ საკითხს გადავწყვეტთო. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი გაკეთებულა. 1992 წლიდან დღემდე სასმელ წყალს, რომელიც ჩემი სახლიდან ერთი კილომეტრით არის დაშორებული, ვირით ვეზიდებით. რაც შეეხება გზას, ორი წლის წინ ვითომ გააკეთეს, მაგრამ უკვე დაზიანდა, რადგან სამუშაოებისთვის გამოყოფილი ფულიდან, ნახევარიც კი არ გაუხარჯავთ,~ _ ამბობს მარდანოვი მუხტარ მარდან ფაშაოღლი.
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მრავლადაა თავშეყრის ადგილები, ე.წ. ბირჟები, სადაც მოსახლეობის ნახვა და გასაუბრება საკმაოდ იოლია. შესაბამისად, სოფელში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისინი ამომწურავ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა~ და მის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ არაფერი იციან. აბილა შამბათოვი ამბობს, რომ სოფელში ჭაბურღილი გაკეთდა, მაგრამ საიდან მოიზიდეს ფინანსები, მისთვის უცნობია. `გზა არ გვაქვს. რამდენიმე ხნის წინ ჭაბურღილი გააკეთეს, მაგრამ წყალი ჯერ არ მოსულა. გვპირდებიან მალე იქნებაო, თუმცა როდის არ დაუკონკრეტებიათ. ჩემთვის ისიც გაურკვეველია, ვინ ან რა ფულით შეასრულა ეს სამუშაოები, ამბობენ, წყალი სოკარმა გააკეთაო," _ გვითხრა მან.
თანასოფლელებისგან განსხვავებით ერთ-ერთმა მოსახლემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ იგი "მთავრობის კაცია" და ამის გამო ვერაფერს გვეტყოდა.
"სახელი და გვარი რაში გჭირდებათ? არ მაინტერესებს, ჩემგან შორს. შეშინებული, მთავრობის კაცი ვარ. თქვენი ინტერესი რა არის ვერ გავიგე, ათასი პრობლემაა და ამას თქვენ გამოასწორებთ? აურევთ რაღაცას და ეგ იქნება,"_ გვითხრა ელმანმა, რომლის სახელიც მაშინ გავიგეთ, როცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა სახელით მიმართა.
არსებულ პრობლემებსა და `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში იორმუღანლოს თემისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვაზე ღიად საუბრობს არზუმან აბასოვი. მისი თქმით, მოსახლეობამ არც კი იცის რა საბუთებზე მოაწერა ხელი.
"სოფლის პროგრამით არაფერი გაკეთებულა. არც კრება ჩატარებულა და ვინც კი გამოვკითხე, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ოქმზე ხელი არ მოუწერია. როგორც სჩანს, ყველას მაგივრად ეს საკითხი თვითონ მოადგილემ მოაგვარა. მოსახლეობა მოატყუეს, ასფალტი უნდა დავაგოთო და ხელი ზოგიერთს ისე მოაწერინეს. ამაზე დიდი ფაქტი რა გინდათ?! სოფელში წყალი არ გვაქვს, გზაც ერთი-ორგან მიაწებეს, ვითომ გააკეთეს, სინამდვილეში ფული მიითვისეს და `სოფლის დახმარების პროგრამა~ შეჭამეს. ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ," _ გვითხრა არზუმან აბასოვმა და იქვე სხვა პრობლემაზეც ისაუბრა.
"საბავშვო ბაღი არ გვაქვს. 2007 წელს პრეზიდენტს შევხვდი და ამის შესახებ ვუთხარი. გუბერნატორი მაშინ გია ნაცვლიშვილი იყო, რომელიც პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა, თუმცა თანამდებობა მალევე დატოვა და ეს საქმეც გასაკეთებელი დარჩა. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები ისე იზრდებიან, რომ არ იციან ბაღი რა არის.
შენობა კი წლების წინ კუპონებზე გაიყიდა. თუUსახელმწიფო თანხას გადაიხდის, ნებისმიერი ჩვენი თანასოფლელი დათმობს ფართს, ოღონდ ბაღი გვქონდეს," _ განმარტავს არზუმან აბასოვი.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იორმუღანლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სამსახურში მივაკითხეთ, მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა. შენობა დაკეტილი იყო და შესაბამისად, ვერც მოადგილე ვნახეთ (11. 11. 2011 წ. 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე). მოსახლეობის თქმით, რწმუნებული თაფთიხ გაჯიევი მექაში იყო წასული და უახლოესი 10 დღის განმავლობაში, არ იქნებოდა.
`სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ხარვეზებსა და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით გაზეთმა `სპექტრმა~ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პრესსამსახურს სატელეფონო კომენტარის გაკეთება სთხოვა. თუმცა, მან კითხვები ოფიციალურ მისამართზე გადაგვაგზავნინა (მიმართვა #49, 12 ნოემბერი), საიდანაც პასუხი 22 ნოემბერს მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია დოკუმენტაციის მოძიებას და ათდღიანი ვადის გამოყენებას არ საჭიროებდა. მათ გვაცნობეს, რომ:
"იორმუღანლოს რწმუნებული მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე, პირადი განცხადების საფუძველზე სარგებლობს კუთვნილი უფასო შვებულებით, ხოლო მისი თანაშემწე გამოძახებული იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 11 და 12 ნოემბერს სამსახურებრივ საქმეზე."
აქვე განვმარტავთ, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში `სპექტრის~ მუშაობის დროს ადგილზე არც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და არც სპეციალისტი არ დაგვხვდა. თუმცა, როგორც გამგეობაში განმარტავენ, მათ მუშაობას მონიტორინგს უწევს "გამგეობის ინფორმაციის და ანალიზის განყოფილების უფროსი." მათივე ინფორმაციით, გამგეობის შესაბამისი კომისიის მიერ კონტროლი ხორციელდება ასევე `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზეც.
`სპექტრის~ მიმართვის პასუხად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გვაცნობა, რომ მოსახლეობა არასწორ ინფორმაციას ფლობს და წყალგაყვანილობის სამუშაოები `სოკარს~ არ შეუსრულებია."
მიმდინარე წელს სოფელ იორმუღანლოში შპს `1451~- მა შეასრულა ჭაბურღილის ბურღვის სამუშაოები. გაიბურღა 2 ცალი ჭაბურღილი და დღეის მდგომარეობით სოფლის მოსახლეობა იღებს ზემოთ აღნიშნული ჭაბურღილიდან სასმელ წყალს. აქვე განგიმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები დამთავრდა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს," _ ნათქვამია გამგეობის ოფიციალურ წერილში.
რაც შეეხება საბავშვო ბაღს, როგორც საგარეჯოს თვითმმართველობაში განმარტავენ, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემის მოსაგავარებლად თანხა განსაზღვრული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები