[caption id="attachment_1950" align="alignright" width="300" caption="დუზაგრამის ამბულატორია"]
[/caption]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამას ამბულატორია ფიცრულ შენობაში ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების გარეშე ფუნქციონირებს, მაშინ, როცა `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში დასასვენებელი პარკი შემოიღობა. მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიების რეაბილიტაცია ჯანდაცვას ეკუთვნის, არის შემთხვევები, როცა საჭიროებებიდან გამომდინარე, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში სწორედ ამ პრობლემის მოგვარება ხდება(ავტ. მოსახლეობის გადაწყვეტილებით ამ პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში ამბულატორია ააშენეს).
ფიცრულ სახლში განთავსებული უფუნქციო ამბულატორია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში (თემში შედის დუზაგრამა, წიწმატიანი და პალდო), ოფიციალური ინფორმაციით 3 ათას 50 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მოსახლეობის თქმით, სოფელს ყველაზე მეტად ამბულატორია ესაჭიროება, თუმცა მიმდინარე წელს
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში დასასვენებელი პარკის შემოღობვა გადაწყდა, რომლის ღირებულებამაც 21 648 ლარი შეადგინა. ადგილობრივების თქმით, პირველადი დახმარებისთვისაც კი რაიონში უწევთ წასვლა. `რადგან დუზაგრამაში ექიმი კვირაში მხოლოდ ორჯერ მოდის, გასასინჯად საგარეჯოში მივდივართ ხოლმე. რაიონამდე მანქანას 30-40 ლარი მაინც უნდა. ზოგი იორმუღანლოში დადის, სადაც ექიმი ჰყავთ, მაგრამ ეს სოფელიც ისეთი შორია, ტაქსის დაქირავება გვჭირდება. ამიტომ ორმაგი და სამმაგი ხარჯის გაწევა გვიხდება. არადა, დამეთანხმებით, ექიმისა და ამბულატორიის საკითხი ისეთი პრობლემაა, პირველ რიგში რომ უნდა მოგვარებულიყო," _ გვთხრა მახო თურბანოვმა და გვთხოვა თავად გვენახა შენობა, რომელსაც მოსხლეობა ამბულატორიას უწოდებს.
გაზეთი `სპექტრი~ სამედიცინო პუნქტის მდგომარეობით დაინტერესდა, თუმცა ადგილზე მისულებს გამოკეტილი ფიცრული სახლი სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა, სადაც არც სამედიცინო აღჭურვილობა და არც სათანადო ჰიგიენური პირობები იყო. არადა, როგორც ცნობილია, ქვეყნის ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაში ბუნებრივ აირთან და წყალთან ერთად სოფლის ამბულატორიების კეთილმოწყობაც შედიოდა. 2003 წლიდან, დღემდე (დასრულება 31/11/11)
"პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის~ პროექტი ხორციელდება, რომლის მიზანია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და საქართველოს რეგიონებში საბაზისო სამედიცინო მომსახურეობის დანერგვის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში გარემონტდა სოფლის ამბულატორიები, ექიმებსა და ექთნებს ჩაუტარდათ გადამზადების კურსები, ასევე შემუშავებულ იქნა მკურნალობის ახალი სტანდარტები. (წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.moh.gov.ge).
[caption id="attachment_1963" align="alignleft" width="300" caption="პედაგოგი, მზია მამარდაშვილი–მარგებაძე სოფელ დუზაგრამისა და სკოლის პრობლემებზე საუბრობს"]
[/caption]
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ისევე როგორც სხვა საპრეზიდენტო რეფორმები და პროგრამები, "პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის"
პროექტიც სოფლების უმეტეს ნაწილში ჯერაც არ განხორციელებულა. გარდა ამისა, როგორც დუზაგრამას მოსახლეობა აღნიშნავს, პრეზიდენტის ბრძანება ხშირ შემთხვევაში მათ სოფლამდე ვერ აღწევს, ამიტომ უკვე წლებია, ადგილობრივები პირველადი სამედიცინო დახმარების მისაღებად, სოფელ იორმუღანლოში ან რაიონულ ცენრში მიდიან. მოსახლეობის განმარტებით, ე.წ. ამბულატორიაში ექიმი იშვიათად, მხოლოდ აცრების დროს მოდის. სოფელ დუზაგრამას საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი მზია მამარდაშვილი-მარგებაძე `სპექტრთან~ საუბარში ამბობს, რომ უკვე 10 წელია, რაც ამ სოფელში ცხოვრობს და იოლად შეუძლია ყველა პრობლემის შესახებ იმსჯელოს.
"ამდენი ხანია აქ ვასწავლი, 10 წელია ქირით ვცხოვრობ, ამიტომ ადგილობრივების პრობლემები ჩემთვის უცხო არ არის. ამბულატორია არ გვაქვს, პირველადი დახმარებისთვის საგარეჯოში მივდივართ, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული, რადგან რაიონული ცენტრი მოშორებითაა(ავტ: საგარეჯომდე 35კმ). ბევრს არაფერს ვითხოვთ, ამისთვის ერთი პატარა ნორმალური ოთახი რომ გამოიძებნოს, სავსებით საკმარისი იქნება,"_ აღნიშნა მზია მამარდაშვილმა-მარგებაძემ.
ამ პრობლემის შესახებ გაზეთმა `სპექტრმა~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური მიმართვა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გადაუგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. გთავაზობთ ოფიციალური მიმართვის კითხვებს:
1. 2010-11 წლებში ოჯახის ექიმების გადამზადების კუთხით რა პროგრამები განხორციელდა/იგეგმება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომბორი (გომბორი, რუსიანი, ვერონა, ვაშლიანი ასკილაური); ლამბალო, თულარი (თულარი, კაზლარი); იორმუღანლო (იორმუღანლო, ქეშალო) და დუზაგრამა?
2. რამდენი ადგილობრივი ექიმი იყო ჩართული ამ პროგრამაში თითოეული სოფლიდან?
3. რა მდგომარეობაშია სოფლის ამბულატორიები: რა შესაბამისი და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა გააჩნია, რა სახის მომსახურებას უწევენ პაციენტებს (რა კაბინეტები ფუნქციონირებს), რა მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა და რა რაოდენობის მედპერსონალია დასაქმებული?
4. 2010 წელს რომელი პროექტის ფარგლებში მოხდა სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია/რემონტი, რა სახის სამუშაოები შესრულდა და რა თანხა გაიხარჯა ამისთვის?
5. 2011 წელს რომელი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს/იგეგმება სოფლის ამბულატორიების რემონტი, რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი, რა ოდენობის თანხაა განსაზღვრული ამისთვის, რა ეტაპზეა ამჟამად სამუშაოები და რა ვადაში უნდა დასრულდეს?
21 ათას ლარად შემოღობილი დასასვენებელი პარკი
[caption id="attachment_1961" align="alignright" width="300" caption="21 ათას ლარად შემოღობილი სკვერი"]
[/caption]
სოფელ დუზაგრამაში, ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში სასმელი წყლის ჭაბურღილის შეკეთებისთვის 15 879 ლარი განისაზღვრა. ანალოგიური სამუშაოები პალდოშიც ჩატარდა (დუზაგრამას თემი), რაზეც 14 995 ლარი გამოიყო. 21 648 ლარი კი წიწმატიანის (დუზაგრამას თემი) დასასვენებელი პარკის შემოღობვას მოხმარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელ ლამბალოსგან განსხვავებით, დუზაგრამას მაცხოვრებლების ნაწილი `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ ინფორმაციას ფლობს. მოსახლეობა შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია, თუმცა, მათი უმრავლესობა კრებას არ დასწრებია და პრიორიტეტებიც არ შეურჩევია.
"კრებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ თანასოფლელებისგან ვიცი, რომ დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა. დასასვენებელი პარკის გაკეთება ახალგაზრდების ინიციატივა იყო. შემოღობვის სამუშაოები 4-5 დღეა რაც დაასრულეს. გვითხრეს, რომ წლის ბოლომდე სკამებსაც დავდგავთო. ამაზე რა თანხა გაიხარჯა არ ვიცი, მაგრამ თქვეს, რომ მარტო `სვარკის~ გაკეთებას 3000 ლარი დასჭირდაო. სხვა ისეთი პრობლემა არაფერია. წყალი არ გვქონდა და ეხლა გააკეთეს. თვის ბოლომდე მილებში გაუშვებენ კიდეც,"_გვითხრა ბაშირ სადიგოვმა. მისგან განსხვავებით სოფლის პრობლემებზე, დუზაგრამის სკოლის ფილოლოგი მზია მამარდაშვილი-მარგებაძე საუბრობს. მისი თქმით დასასვენებელ პარკზე მნიშვნელოვანი, სოფელში სხვა ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
"ჩატარებული კრების შესახებ არაფერი გამიგია. მარტო ის ვიცი რომ არჩევნების დროს მოდიან, გვპირდებიან და შემდეგ ავიწყდებათ. წყალგაყვანილობის სამუშაოები შეასრულეს, მაგრამ გზები ისეა დაზიანებული ფეხით გავლაც კი ჭირს. პედაგოგები, რომლებიც რაიონიდან ჩამოდიან, სკოლაში დროულად მოსვლა უჭირთ, რადგან ტრანსპორტი არ დადის, ამის გამო ხშირად სკოლის დირექტორისაგან შენიშვნებს იღებენ. დენის პრობლემაც გადაუჭრელია. ინკასატორი რომ მოდის, მრიცხველის ჩვენება არ აინტერესებს თანხას ისე წერს. ამასთან ერთად სკოლას სპორტდარბაზიც არ აქვს და ბავშვებს ფიზკულტურის გაკვეთილი ეზოში_ზამთარში კი დერეფანში უტარდებათ. ჩემი აზრით, სოფელში პირველ რიგში ეს პრობლემები უნდა მოგვარებულიყო,"_გვითხრა მზია მამარდაშვილმა-მარგებაძემ.'
[caption id="attachment_1962" align="alignleft" width="300" caption="სოფელ დუზაგრამის ტერიტორიული ორგანოს მთავარმა სპეციალისტმა, ზამი მამედოვმა "სპექტრის" კითხვებს არ უპასუხა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა"]
[/caption]
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფელ დუზაგრამას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სამსახურში მივაკითხეთ, მაგრამ ადგილზე არ დაგვხდა. მთავარმა სპეციალისტმა ზამი მამედოვმა კი არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა.
"მე ვერაფერს გიპასუხებთ. განცხადებები `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ უბნებში იყო გამოკრული. შესრულებული სამუშაოების შესახებ კი მოსახლეობას კითხეთ ისინი წყვეტავენ ყველაფერს. ან მიმართეთ გამგეობის პრესსამსახურს, ის გიპასუხებთ,"_გვითხრა ზამი მამედოვმა.
როგორც აღმოჩნდა, დუზაგრამას მაცხოვრებლები მიმდინარე წლის ბოლომდე დასასვენებელ პარკში სკამების მოწყობასაც იმედოვნებენ. აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. პრესსამსახურის ინფორმაციით, "
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან - სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა დასასვენებელი სკვერის შემოღობვის სამუშაოები, რომელიც გულისხმობს კუთხოვან ლითონის ჩარჩოში ჩასმული მავთულბადით შემოღობვას 400 გრძივ მეტრზე. ზემოაღნიშნული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში სკამების, ლამპიონების, ურნების და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოები არ არის გათვალისწინებული." აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელ დუზაგრამაში 3 ათას 50 მაცხოვრებელია, თუმცა, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ჩატარებულ კრებას 30-მდე ადამიანი დაესწრო და პრიორიტეტებიც სწორედ ამ ჯგუფმა დაასახელა.
იხილეთ საიტი:
www.headlines.ge
მასალის გამოყენების პირობები