ინგა ბიტარაშვილი, მარინა პეტრიაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მოსახლეობა, სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამა~, გასული წლების მსგავსად, ახლაც ხარვეზებით ხორციელდება. პრობლემების შესახებ ადგილობრივები ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ სოფელში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი. ლამბალოში `სპექტრის~ სტუმრობას და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ალახიარ აბდულაევის გარეშე მოსახლეობასთან გასაუბრებას მისი გაღიზიანება მოჰყვა. მან თანასოფლელებს `უკანასკნელი~ ხალხი უწოდა, `სპექტრთან~ კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველნაირ პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს.
2009 წლიდან საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამა~ ხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ. გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ თანხის გამოყოფა ხდება უშუალოდ სოფლისთვის. თანხის ოდენობა, განისაზღვრება სპეციალური ფორმულის საფუძველზე, რომელიც გაიანგარიშება საკრებულოებში შემავალი დასახლებების, ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.~ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იყოს სოფლის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ (2002 წლის აღწერის მონაცემებით 6254 კაცი) ოფიციალური ინფორმაციით 2010 წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ზემო ლამბალოს სასოფლო გზის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 11,330 ლარი და ჭაბურღილის ბურღვის სამუშაოებისთვის _ 34,715 ლარი. ქვემო ლამბალოს სასოფლო გზის რეაბილიტაციისთვის 47,495 ლარი განისაზღვრა. რაც შეეხება 2011 წელს თითო ჭაბურღილის მოსაწყობად ზემო ლამბალოსთვის განისაზღვრა 46,179 ლარი და ქვემო ლამბალოსთვის 47,618 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სოფელს 2 ნაწილად არ ყოფს. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში დებულების მიხედვით უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, ჩატარდეს სოფლის კრება, სადაც მოსახლეობა თავად შეარჩევს პრიორიტეტულ საკითხებს. თუმცა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მოსახლეობის უმრავლესობამ არათუ კრების, აღნიშნული პროგრამის შესახებაც კი არაფერი იცის. მათი განმარტებით, ამის შესახებ პირველად გაზეთ `სპექტრის~ კორესპონდენტებისგან შეიტყვეს.
"ჩვენ სოფელში რა კრება უნდა ჩატარებულიყო, არ ვიცი, ამის შესახებ პირველად თქვენგან ვიგებთ. თვითონ რაც უნდათ, იმას აკეთებენ და ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. შარშან ვითომ გზა მოხრეშეს, თუმცა თავადაც ხედავთ ახლა რა საშინელ მდგომარეობაშია. ეს იმიტომ, რომ თუ სიტყვაზე სამუშაოს ასი ათასი ლარი სჭირდება, მხოლოდ ხუთი ათასს ხარჯავენ, დანარჩენი სად მიდის, არავინ იცის. ცუდად გააკეთებენ თუ კარგად, მაინც არავინ უმოწმებთ და რაღაზე უნდა იწვალონ?!" _ გვითხრა ფარმან მამედოვმა. ამ აზრს იზიარებს სოფელ ლამბალოს მკვიდრი ისა ჯეირანოვი და აქვე სხვა პრობლემებზეც საუბრობს:
"გზაზე ხრეში დაყარეს, მაგრამ წყალმა და ნიაღვარმა წაიღო. გაკეთება თუ უნდოდათ, მაშინ ასფალტი დაეგოთ. წვიმებმა ხრეში სულ ქვემოთ ჩამოიტანა და გზა უფრო საშინელ მდგომარეობაშია ვიდრე აქამდე იყო. გარდა ამისა, მთავრობამ შარშან წყალიც დაბურღა, წელს კი დაასრულეს, მაგრამ ისიც უკვე იმდენჯერ გაფუჭდა, რომ ფაქტიურად წყალი არ გვაქვს. უნდა ითქვას, რომ სოფელში არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა. ტყუილს კი არ ვამბობ, ამას თქვენი თვალითაც ხედავთ," _ ამბობს ისა ჯეირანოვი.
`სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა~ და მის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ, თანასოფლელების მსგავსად ინფორმაციას არც დურმიშხან ეიბოვი ფლობს. როგორც იგი განმარტავს, სოფელში ჭაბურღილი კი მოეწყო, მაგრამ ამით მოსახლეობის პრობლემა ვერ მოგვარდა. უფრო მეტიც, მისთვის გაუგებარია აღნიშნული სამუშაოები ვისი ინიციატივითა და დაფინანსებით შეასრულეს.
"ჭაბურღილი ისეთ ადგილას გააკეთეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას წყლის ზიდვა საკმაოდ შორი მანძილიდან უწევს. ეს საკითხი ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება და ჩვენი პატრონი არავინაა. ისიც არ ვიცით ეს ყველაფერი ვისი გადაწყვეტილებით სრულდება, ასე ამბობენ მთავრობამ თვითონ გააკეთაო. როგორც თქვენ მეუბნებით, თუ ჩვენს სოფელზე მართლა ამდენი თანხა იყო გამოყოფილი, იმ ფულით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მითუმეტეს თუ ჩვენი სურვილისამებრ უნდა გახარჯულიყო. ჩვენთვის რომ ეკითხათ, პრიორიტეტად ჩვენც წყლის გაკეთებას დავასახელებდით, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც მათ გადაწყვიტეს. თანაც მარტო წყალი არ წარმოადგენს პრობლემას, სხვა ათასი მეტად მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი," _ ამბობს დურმიშხან ეიბოვი და იქვე დასძენს:
"წყალი ჩვენ არ გვაქვს, დენზე აურაცხელ ჯარიმებს გვაკისრებენ, ინკასატორი რომ მოდის, `სოჩიკის~ ჩვენება არ აინტერესებს და თანხას თავისით მეუბნება, არადა გაცილებით ნაკლები მაქვს დაწერილი. ვერ გამიგია 17-20 ლარით ზედმეტი რატომ უნდა გადავიხადო? ამ პრობლემით მარტო მე კი არა, მთელი სოფელია შეწუხებული. მე თვითონ ვინ რას მაძლევს, რომ სხვას ზედმეტი გადავუხადო. გარდა ამისა, როგორც ჩემი თანასოფლელები ამბობენ, გზაც არ არის ნორმალურად გაკეთებული, ვითომ აქა იქ მოხრეშეს, მაგრამ ამას გაკეთება არ ჰქვია. ჩვენთან აზრის საკითხავად არავინ მოსულა. არავის აინტერესებს რა გვაწუხებს, რა პრობლემები გვაქვს. ჯერჯერობით მე სოფელში გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ," _ გვითხრა მან.
თანასოფლელების მსგავსად, პრობლემებზე საუბრობს ლამბალოელი აშრაფ აშიროვიც და ამბობს:
"სოფელში რა არის გაკეთებული? გასაკეთებელი ბევრია."აღნიშნული საკითხების გარდა, სოფლის მოსახლეობა სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. აზიზ ჰუსეიუნოვის თქმით, ლამბალოში არაერთი საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა მათ დახმარებას არავინ ცდილობს
."თავადაც კარგად ხედავთ, რომ არც გზა გვაქვს და არც წყალი. ამას რომ თავი დავანებოთ, გაზიც არ არის. ცენტრალური მაგისტრალი გაყვანილია, თუმცა ინდივიდუალურ შემოყვანას ორი ათასი ლარი უნდა, რის საშუალებაც ხალხს არ აქვს, ამიტომ ამ ფუფუნებით სულ რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. გარდა ამისა, სკოლის პრობლემაც მოსაგვარებელია. ამ კუთხით საშინელი მდგომარეობაა, მაგრამ ყურადღებას ვინ გვაქცევს?" _ განმარტა აზიზ ჰუსეინოვმა.
სკოლასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გაზეთი `სპექტრი~ 2011 წლის 11-18 მაისის #11 (310)-ში წერდა. `საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა უკვე ხუთი წელია, რაც კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთ `კორპუსში~ _ მოზარდი ბავშვების კლასებსა და ბოსელს საერთო შესასვლელი აქვს. კახეთის გუბერნატორი საქმის კურსშია, თუმცა როგორც სკოლის დირექტორი ა. ხეირბახალოვი ამბობს, მათთან არასდროს ჩასულა. სკოლის მშენებლობის გეგმა კი გაურკვეველი მიზეზების გამო პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამიდან ამოიღეს.
"გვითხრეს სკოლის შენობა ავარიულია და შეიძლება ყოველწუთს ჩამოინგრეს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაცალოთო. მალევე მოვახერხებთ და რაღაცას გამოვნახავთ, ან ახალს ავაშენებთ, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებაო. უკვე ამდენი წლები გავიდა, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. ბავშვებიც და პედაგოგებიც ნესტიან სარდაფებში არიან. 1300 მოსწავლე გვყავდა, ახლა თითქმის ნახევარიღა ირიცხება. მეზობელ სოფლებში გადავიდნენ, დღეში 3-4 კილომეტრის გავლა უწევთ, მაგრამ იქ ურჩევნიათ სწავლა," _ გვითხრა სკოლის დირექტორმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.esida.ge) გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლამბალოს საჯარო სკოლის შენობის საერთო ფართობი 2 698 კვ.მ. შეადგენს, სადაც 853 მოსწავლე ირიცხება. ამ ინფორმაციის თანახმად, სკოლას 20 კომპიუტერი, 1 ლეპტოპი და 1 ავტობუსი აქვს. აქვე ჩამოთვლილია ერთადგილიანი და ორადგილიანი მერხების, დაფებისა და სხვადასხვა ინვენტარის რაოდენობა. თუმცა ეს ინფორმაცია იმდენად არ შეესაბამება ჩვენს მიერ ნანახ რეალობას, რომ რამდენჯერმე სხვა ოფიციალურ ვებ. გვერდზეც გადავამოწმეთ. ამასთან ერთად, როგორც სკოლის დირექტორი ა. ხეირბახალოვი ამბობს, არასათანადო სანიტარული ნორმების გამო, მოსწავლეებს და პედაგოგებსაც რეალურად სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, ტუბერკულოზის საფრთხეც ემუქრებათ.
"უმაღლესი რანგის ხალხმა ამის შესახებ რამდენი ხანია იცის. განათლების სამინისტროში ჩვენი სკოლის გეგმაც კი გამოაკრეს, გვპირდებიან, დღეს-ხვალ ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ გვატყუებენ. მე კი მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: ჩვენს ბავშვებს ტუბერკულოზის საფრთხე ემუქრებათ და ამაზე არავინ წუხს. სკოლის საკითხი დაყენებული იყო პრეზიდენტის დონეზე, 2009 წელს ჩასვეს ნაციონალურ პროგრამაში, მერე რაღაც მოხდა და იქიდან ამოიღეს. გვეუბნებიან, არასაკმარისი თანხააო, კონკრეტულ პასუხს კი არავინ გვცემს," _ ამბობს ა. ხეირბახალოვი.
მის ნათქვამს ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ:
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ `საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~ საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა `იაკობ გოგებაშვილი_საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს რიგი საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს."
აღნიშნული ფაქტის შესახებ მაშინ `სპექტრთან~ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილიც საუბრობდა. მისი თქმით, ამ სკოლის საკითხი უკვე რამდენიმე წელია რაც განიხილება.
"სოფელ ლამბალოს სკოლა დაახლოებით 30-40 წლის წინ აშენდა. სპეციალისტების თქმით, შენობას ფუნდამენტი არ აქვს და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამიტომ მისი დანგრევა გარდაუვალია. როგორც რაიონის ხელმძღვანელისთვის, ეს საკითხი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია," _ გვითხრა მან."
რაც შეეხება `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში გამოკვეთილ ზემოთ ჩამოთვლილ ხარვეზებს, კომენტარისთვის სოფელ ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ალახიარ აბდულაევს სამსახურში მივაკითხეთ, მაგრამ შენობა დაკეტილი დაგვხვდა (26 აგვისტო, პარასკევი, 11.30 წუთიდან 16.00 საათამდე). ამიტომ მას სახლში ვესტუმრეთ, თუმცა ვერც იქ ვნახეთ. სოფლის მოსახლეობის თქმით, იგი საკუთარ ფერმაში იმყოფებოდა. სიტუაციიდან გამომდინარე მასთან ტელეფონით დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მობილური გამორთული ჰქონდა (577 95 58 26; 599 15 54 82). მასთან ტელეფონით დაკავშირება მეორე დღეს მოვახერხეთ. სოფელის რწმუნებულმა, როგორც კი შეიტყო, რომ გაზეთ `სპექტრიდან~ ვრეკავდით, არც კი მოგვისმინა, ისე გვიპასუხა:
"ჩემს სოფელში უჩემოდ რას დადიხართ. მე რატომ არ შემეკითხეთ? ამისთვის დიდი მადლობა~ და ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელმეორედ დავუკავშირდით და ავუხსენით, რომ კომენტარისთვის ვრეკავდით და ვთხოვეთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა, რის შემდეგაც აღშფოთებულმა გვითხრა: `სოფლის უკანასკნელ ხალხთან დადიხართ, რას დადიხართ, მე სოფელში ვიყავი და უჩემოდ რატომ დადიხართ? მე არაფერზე პასუხს არ ვაგებ" (სტილი დაცულია).
აღნიშნული ფაქტის შესახებ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდით და მათი მოთხოვნის შესაბამისად, კითხვები ოფიციალური მიმართვის სახით მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე გადავუგზავნეთ. 1. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 2010-2011 წლებში `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ჩატარდა ბურღვის სამუშაოები და მოეწყო ჭაბურღილები, ასევე მოხდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. სამუშაოები შესრულებული 100%-ით თუმცა მოსახლეობის თქმით და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოები არასრულყოფილად არის შესრულებული. კერძოდ, დახრამული გზა, ჭაბურღილი დაზიანებულია და გარდა ამისა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თქმით, მათთვის არასასურველ ადგილასაა მოწყობილი. სოფელ ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ალახიარ აბდულაევი, `სპექტრის~ სტუმრობისას (26 აგვისტო 11.30 სთ-დან 16 სთ-მდე) ადგილზე არ იმყოფებოდა და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. მეორე დღეს კი სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ `სოფლის უკანასკნელ ხალხისგან ავიღეთ მის გარეშე ინფორმაცია და ამის გამო პასუხს არაფერზე აგებს~. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? 2. სოფელ ლამბალოს მოსახლეობამ არ იცის ~სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ და ვერ აკონკრეტებს რა სამუშაოები შესრულდა. იქნებ განგვიმარტოთ რას გულისხმობს სასოფლო გზის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 2010 წელს ზემო ლამბალოსთვის გამოყოფილი იყო 11, 330 ლარი, ხოლო ქვემო ლამბალოსთვის -47,495 ლარი? 3. უწევს თუ არა გამგეობის სამსახური აღნიშნულ სამუშაოებს მონიტორინგს? საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ პასუხს, რომელსაც ხელს აწერს გამგებლის მოადგილე ემზარ კუჭუაშვილი, კორექტირების გარეშე, უცვლელად გთავაზობთ:
"თქვენს მიერ 2011 წლის 27 აგვისტოს გამოგზავნილი #39 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს 2010-2011 წლებში `სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განაწილება შემდეგი პროცედურების გავლით განხორციელდა. სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხდება პრიორიტეტების შერჩევა, რომელსაც შესაბამის სათემო შეხვედრის ოქმში ხელმოწერებით ადასტურებენ, რის შემდეგაც ფინანსდება შესაბამისად შერჩეული პრიორიტეტი. სოფელში განსახორციელებელი პროექტის გასაცნობად, ხდება საინფორმაციო დაფების განთავსება სოფლის ცენტრალურ ადგილებში, სადაც ნათლად არის აღნიშნული თუ რა პროექტი უნდა განხორციელდეს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში. გაცნობებთ, რომ 2010 წელს სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად შეირჩა სოფელ ზემო და ქვემო ლამბალოს შიდასასოფლო გზების მოხრეშვის, მოსანდაკების, ორმული შეკეთების და 150 მეტრი სიღრმის სუბარტეზიული ჭაბურღილების ბურღვის და წყლის ამომაქაჩი ტუმბოს მოწყობის სამუშაოები, რომელსაც მონიტორინგს და კონტროლს, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისია-ასევე სოფლის მოსახლეობაც ახდენდა. მიმდინარე წელს სოფელ ლამბალოში მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს 2 ცალი 150 მეტრი სიღრმის სუბარტეზიული ჭაბურღილების ბურღვის და წყლის ამომქაჩი ტუმბოების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულება გაფორმებულია 68,510 ლარზე. ნარჩენი თანხით, რომელიც შეადგენს 25,646 ლარს, სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეძენილი და დამონტაჟებული იქნება მიმდინარე და გასულ წელს გაბურღული სუბარტეზიული ჭაბურღილებისათვის სასმელი წყლის რეზერ
მასალის გამოყენების პირობები