მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით,
სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული
ნატვრით.
სანუგეშებელი ბევრი ვერაფერი გვაქვს საზოგადოების შემაძრწუნებელი,
არნახული, უჩვეულო ძალადობების მომსწრეთ. ამდენი მშიერი,
მზრუნველობამოკლებული ბავშვის, ნაგვით სავსე ქუჩების შემყურეთ. კვლავ
უმძიმესია სოციალური ფონი. საოცარი კონტრასტია: ნუგბარ -საჭმლით სავსე
სუპერ-მარკეტებიდან ქუჩებში გადმოტანილი ხვავრიელი დახლები და
ლუკმა-პურისათვის მათხოვრად გამოსული უბედური ადამიანების სიჭარბე
გეცემათ თვალში, მაგრამ ახალი წლის დადგომა მაინც ყველას უხარია: ვის
უჭირს და ვის ულხინს, ერთმანეთში გადახლართულა. ახალი იმედების,
ლამაზი ოცნებების წელი მოდის და იმიტომ. საახალწლო ნაძვის ხეს აქვს ის
საოცარი მიზიდულობის ძალა , რაც ადამიანებს გვაერთიანებს,
საბრძოლველად განგვაწყობს და ნუგეშის სიმბოლოდ იქცევა ხოლმე ჩვენს
უსულგულო ყოფიერებაში.
შევყურებ საახალწლო სანოვაგისაკენ მიმავალ ქალბატონს, რომელსაც თან
ბავშვიც წამოუმძღვანებია. პატარას ისედაც სიცივისაგან აწითლებული
ლოყები ნაირ-ნაირი ტკბილეულის დანახვაზე უარესად აუფორაჯდა და სახე
სიამოვნებისაგან ერთიანად გაებადრა. ხელს იშვერს, ანიშნებს, ეს მინდა
მიყიდეო. დედა იბნევა, აღარ იცის, რა ქნას, ალბად, არ აქვს იმდენი
ფული, რომ ყველაფერს გასწვდეს. ლამაზ თვალებში სევდა ერევა, ცრემლით
გაუბრწყინდა . „ხვალ გიყიდიო“- დაამშვიდა პატარა და მოაშორა
გათამამებული მიმინოს იერით ცქლაფუნით მომავალ ბავშვს, რომელიც ხარბად
იყრიდა ჯიბეებში შოკოლადის „სნიკერსებს“. გულწრფელად ვიტყვი, გული
მეტკინა. საახალწლოდ, კიდევ ერთი ტკივილიანი აზრი შემომეკედლა.
„მართლა ორპირი ყოფილა ცხოვრება“-სინანულით გავიფიქრე და გული
დამიღონდა.
სახლში დაბრუნებულს, უსიამოვნო ფიქრები პატარას შემოსვლამ გამიფანტა,
რომელსაც ხელში გატეხილი შოკოლოდი დაებღუჯა და სასაცილოდ სწონიდა, ვერ
გადაეწყვიტა, რომელი გამომემეტებინა ჩემთვის. ბოლოს მოიფიქრა, როგორც
იქნა, რისთვისაც შევაქე და შოკოლადით მოთხუპნული ლოყა სიამოვნებით
დავუკოცნე.
საახალწლო სამზადისია ჩვენს ოჯახში, როგორც ყველგან. ვისაც რა
მოუხერხებია, აქვს თუ არა, მაინც ცდილობს თავის გამოჩენას. რას
ვიზავთ, ასეთია ტრადიცია. თვალმახარა სუფრები ყოველთვის როდი ნიშნავს
ოჯახის რეალურ ბარაქას. ეს უფრო უკეთესი მერმისის, მოლოდინის ნატვრას
ჰგავს.
როგორც შარშან, ახლაც, 2018 წელს ბუნება თოვლის მოსვლით მოგვილოცავს.
საათის ისრები 12-ს უახლოვდებიან ატყდება მაშხალების, ათასნაირი
სასროლების მხიარული ბათქა-ბუთქი. ვაცილებთ ძველ წელს. ფანჯრიდან კი
ნეონის ლამპიონის ნაცრისფერ შუქზე ზღაპრული სურათი იშლება. ციდან
უხვად ჩამობერტყილი თეთრ-ვარდისფერი ელფერის ფანტელები ულამაზეს
მარმაშის ფარდად ერთდებოდნენ და ატალახებულ შავ გუბეებს ზევიდან
ეფარებოდნენ. გულუბრყვილო ფიფქები! როგორი სიხარულით მოფრინავდნენ,
რომ ცისფერი ყვავილის სევდად დარჩენილიყვნენ და ყინვის ელვარე
სარკალად ქცეულიყვნენ. თოვა თანდათან ძლიერდებოდა. თვალმოუშორებლად
შევყურებდი საოცარ სანახაობას და ვნატრობდი, თოვლის მოსვლასთან ერთად
სინდისის ქეჯნაც მომძლავრებოდეთ ადამიანებს. მოფარფატე ფიფქების
სისპეტაკე ვინატრე და ვისურვე ყველასათვის.
ერთხანს თვალი გამიშტერა უჩვეულო სანახაობამ. საყვარელი ბებოს სახეც
მეჩვენა, რომელიც მიღიმოდა და ხელს მიქნევდა, მამხნევებდა,
თანაგრძნობას და სიყვარულს უხმოდაც მასწავლიდა. მისგან საოცარი,
გადამდები მუხტი მოდიოდა. იგი იმდენად კეთილი იყო, მთელი ქვეყნიერების
ერთ გულში ჩატევა და თანადგომა, გაგება, დარიგების მოფერებით
გადმოცემა შეეძლო. „გულწრფელი სიყვარულის უნარი გვაკლია, რაც
ცხოვრებას შეგვიმსუბუქებს“-ახალმა მარტივმა იდეამ ფრთები ხელმეორედ
შემასხა.
„ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთო“-გვმოძღვრავდა ილია მართალი
საახალწლოდ. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ბოროტების სიყვარულით
დამარცხების დავიჯერე, გული იმედებით, გასპეტაკებული, მადლმოყრილი,
სიკეთის რწმენის სიძლიერით ამევსო და იგივე ვუსურვე სამყაროს.
ნინო მოსეშვილი
მასალის გამოყენების პირობები