შუა საუკუნეების ევროპაში ბადრიჯანს „უჭკუობის ვაშლს“ უწოდებდნენ.
მისი ღეროები, შეიცავს სოლანინს, რომელსაც სხვაგვარად ალკაპოიდი
ეწოდება. მისმა სიჭარბემ შესაძლოა მოწამვლა და ჰალუცინაციები
გამოიწვიოს.
ბადრიჯანი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას,
აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს
თირკმელების მუშაობას, ასუფთავებს ნაწლავებსა და სანაღვლე გზებს.
დიეტოლოგები ბადრიჯნით სისტემატურად კვებას ურჩევენ მათ, ვინც
მიდრეკილია გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიებისადმი, რადგან
ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს ე.წ. ცუდი ქოლესტერინი, ხოლო მასში
შემავალი მინერალების, კერძოდ, კალიუმისა და ნატრიუმის მარილების
წყალობით გულის მუშაობა უმჯობესდება. საკვებ რაციონში ბადრიჯნის
სისტემატურად ჩართვის შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციაც ნორმალიზდება.
ის დადებით გავლენას ახდენს ელენთისა და ძვლის ტვინის ფუნქციებზე.
აქედან გამომდინარე, ანემიით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა.
ხელს უწყობს ერითროციტების (სისხლის წითელი ბუთულების) წარმოქმნას და
ნორმაში მოჰყავს ჰემოგლობინის დონე. დაბალი კალორიულობის გამო
ბადრიჯანი თამამად შეიძლება მიირთვან ჭარბი წონის მქონეებმაც. ის
საუკეთესოდ ანაყრებს, თანაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას.
ხალხურ მედიცინაში ბადრიჯანს ოდითგან იყენებენ ჭრილობებისა და
წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე პოდაგრის სამკურნალოდ, რადგან ხელს
უშლის შარდმჟავას დაგროვებას სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში.
რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც - აქვეითებს
შაქრის დონეს სისხლში.
მას ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ხსნის შეშუპებას, დადებით
გავლენას ახდენს თირკმელებზე შარდკენჭოვანი დაავადებისას. მწეველებს
ბადრიჯანი თამბაქოს მიტოვებას უადვილებს -ის შეიცავს ნიკოტინის
მჟავას, რომელიც ეხმარება მწეველს დისკომფორტის გადალახვაში. გამხმარი
ქერქისგან მიღებული ფხვნილით ჰიპერტონიას მკურნალობენ: ყავის
საფქვავში ფქვავენ და ჭამის წინ თითო ჩაის კოვზს მიირთმევენ. ამავე
ფხვნილისაგან მზადდება ნაყენი კბილებისა და ღრძილების გასამაგრებლად:
ერთ სადილის კოვზ ფხვნილს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს,
აჩერებენ 2-3 საათს, ამატებენ ერთ ჩაის კოვზ მარილს და დღეში
რამდენჯერმე ივლებენ პირის ღრუში.
თუ ბადრიჯნით გახდომა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემწვარი
ბადრიჯანი ამისათვის არ გამოგადგებათ. თუ გურმანი ბრძანდებით და
მაინცდამაინც ოდნავ შებრაწული ბადრიჯანი გსურთ, დაჭრილი, შეწვამდე 10
წუთით მოათავსეთ ცივ წყალში - ის გაიჯირჯვება და წვის პროცესში ნაკლებ
ცხიმს (ზეთს) შეიწოვს. ბადრიჯანი არ უნდა მიირთვან გასტრიტითა და
წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა.
თხელ ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი ნიღბადაც გამოიყენება. ის, კიტრის
მსგავსად, ატენიანებს და ათეთრებს კანს.
მშრალი კანის პატრონებისთვის რეკომენდებულია წვრილად გახეხილი
ბადრიჯნის ნიღაბი. გახეხილ მასას ცოტაოდენი მდუღარე წყალი და არაჟანი
დაამატეთ. მიღებული ნარევი 10-15 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი
წყლით ჩამოიბანეთ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები