ჩრჩილთან საბრძოლველი უამრავი თანამედროვე ქიმიური საშუალება
არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ტოქსიურიცაა. ამ
შემთხვევაში გვიწევს მივმართოთ ხალხურ საშუალებებს.
ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს,
ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ.
ჩრჩილისაგან დასაცავი მრავალი ქიმიური საშუალება ანადგურებს მფრინავ
პეპლებს და არა მუხლუხებს, განსაკუთრებით თუ ისინი კარადაში ღრმად
არიან განთავსებულები. ძლიერმოქმედი, რთული ქიმიური პრეპარატები
ხშირად ადამიანისთვის არა ნაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში
გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.
გახსოვდეთ!
ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი
ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის
დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო
გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და
ხალიჩები.
როგორ ვებრძოლოთ:
კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და
ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა
ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები,
კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია
პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა
მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება. კარგია კაკლის
ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც
კი.
ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს. არომატული საპნის ნაჭრები
შეიძლება მოვათავსოთ თეთრეულის კარადაში არა მარტო სურნელისთვის,
არამედ ჩრჩილისგან თავდასაცავად. განსაკუთრებით ეფექტურია მარწყვის
საპონი. საკვები პროდუქტების დასაცავად იყენებენ ნიორს. ბურღულეული,
ჩირი უნდა შევინახოთ კარგად თავდახურულ ქილებში ერთ კბილ ნიორთან
ერთად.
ჩრჩილი იშვიათად ჩნდება იმ სახლში სადაც ნემსიწვერა იზრდება. მისი
ფოთლები და ღერო დაზიანებისას გამოყოფს საკმაოდ მკვეთრ სუნს, რომელიც
აფრთხობს მწერს. ჩრჩილი უფრო სწრაფად მრავლდება წელიწადის თბილ დროს,
ამიტომ უმჯობესია, თუ ნივთებსა და პროდუქტებს შევინახავთ გრილ, მშრალ
ადგილზე.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები