მხედველობა მეტად სათუთი ფუნქციაა. მისი შესუსტება-დაკარგვით ადამიანი
ეთხოვება გარე სამყაროს სრულფასოვანი აღქმისა და შეცნობის უნარს.
იმისთვის რომ შეინარჩუნოთ მხედველობა გაითვალისწინეთ სპეციალისტთა
რჩევა. რეგულარულად მიიღეთ პროდუქტები, რომლებსაც ისინი გირჩევენ.
1. კვეცხის გული
ზოგი კვერცხს საერთოდ არ ჭამს -მისი შეზღუდვა საკვებ რაციონში
მართებული არ არის. კვერცხის გული ლუთეინის ძირითადი წყაროა, ლუთეინი
კი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
თუთიასთან ერთად ლუთეინი ხელს უშლის მაკულურ დეგენერაციას, რომელიც 65
წლიდან მხედველობის დაკარგვის ძირითადი მიზეზია.
2. მწვანილი და ისპანახი
რა კერძსაც არ უნდა მიირთმევდეთ, ყოველთვის მიატანეთ ცოცხალი
მწვანილი. ისპანახი, კომბოსტო, თალგამი და ფოთლოვანი მწვანილი
მდიდარია არა მხოლოდ ლუთეინით, არამედ ზეაქსანთინითაც. ეს
ნივთიერებები ამცირებს თვალის ქრონიკული დაავადებების განვითარების
რისკს.
3. ცხიმიანი თევზი
ორაგული, სკუმბრია, თინუსი და ანჩოუსი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ
ძალიან სასარგებლოც და, რაც მთავარია, ადვილი ასათვისებელი. თევზი
მდიდარია ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ამ მჟავებს შეიცავს
თვალის ბადურა გარსი. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის მშრალი
თვალის სინდრომის აღმოცენებას, ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის
განვითარებას.
4. კენკრა და ციტრუსები
კენკრა თვალებისთვის მეტად სასარგებლოა, რადგან მდიდარია A, C, E
ვიტამინებითა და თუთიით. A ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია,
ანეიტრალებს მავნე რადიკალებს და აფერხებს თვალების ანთებას. C
ვიტამინი ხელს უშლის თვალის შიდა წნევის მომატებას და ამიტომ
გლაუკომის პროფილაქტიკის საშუალებად არის მიჩნეული. E ვიტამინი
კატარაქტის აღმოცენებას აბრკოლებს.
5. სტაფილო
სტაფილო და სხვა ნარინჯისფერი პროდუქტები (გოგრა, მანგო და სხვა)
აუმჯობესებს თვალების ჯანმრთელობას. ასეთი ხილი თუ ბოსტნეული მდიდარია
ლუთეინითა და ბეტა-კაროტინით. ბეტა-კაროტინი A ვიტამინის
პროვიტამინია, A ვიტამინი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვალებისთვის
მეტად მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია.
6. ნუში
ნუში, ნიგოზი და თხილი მდიდარია E ვიტამინით, ეს უკანასკნელი კი ხელს
უშლის მაკულის დეგენერაციას, გვიცავს კატარაქტის განვითარებისგან. თუ
ყოველდღე მიირთმევთ ერთ მუჭა ნუშს, E ვიტამინის რეკომენდებული დღიური
ულუფის ნახევარს მიიღებთ. თუ რაციონში რეგულარულად ჩართავთ კენკრასა
და E ვიტამინით მდიდარ სხვა საკვებს, თვალების ჯანმრთელობისთვის
აუცილებელი ვიტამინის ნორმას ადვილად შეივსებთ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები