სახლის პირობებში სახის გასაწმენდად ბალახეულ ნაყენს ორგვარად - ცხელი
და ცივი მეთოდით - ამზადებენ.
ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს ასხამენ სათანადო რაოდენობის ცივ
ანადუღარ წყალს და 4-12 საათს აჩერებენ, მერე ფილტრავენ და იყენებენ.
ცხელი მეთოდით მომზადებისას ნედლეულს ყრიან ფაიფურის ან მომინანქრებულ
ჭურჭელში და სათანადო რაოდენობით ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს.
ამ ჭურჭელს ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, თან
განუწყვეტლივ ურევენ. მერე აგრილებენ, ფილტრავენ (ან დოლბანდში
წურავენ) და იყენებენ. ასეთი ნაყენი თბილ-თბილი უნდა გამოვიყენოთ და
თუ გაგრილდა, კი არ უნდა გავაცხელოთ, არამედ შევურიოთ ანადუღარი ცხელი
წყალი.
კანისთვის სინორჩის მიმნიჭებელი ლოსიონი: მარწყვისა და პიტნის
თითო სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით
მდუღარე წყალი. თავზე დაახურეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილით
გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლში და შედგით მაცივარში. თითის ბალიშებით ან
ბამბის ტამპონით დაისველეთ (არ შეიზილოთ!) სახე ამ ნაყენით.
მათეთრებელი ეფექტის მქონე ვიტამინოვანი ლოსიონი: ერთმანეთში
აურიეთ ერთ-ნახევარი გრეიპფრუტი და ორი სუფრის კოვზი არაყი. ჭიქაში
ნახევრამდე ჩაასხით ნაღები და კარგად შეათქვიფეთ კვერცხის გული. ეს
ორი ნარევი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საჭიროების შემთხვევაში
დაამატეთ ცოტა წყალი. შედგით მაცივარში. ინახება 3-5 დღე.
გამწმენდი და დამატენიანებელი ლოსიონი: მომინანქრებულ ჭურჭელში
გასრისეთ მწიფე საზამთროს გული, გააჩერეთ 1 საათი, მერე დოლბანდში
გაწურეთ. 2 ჭიქა წვენი გადაასხით მინის ჭურჭელში, დაამატეთ 1 ჩაის
კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი და მარილის გადნობამდე ურიეთ.
მიღებული მასა გაფილტრეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა არაყი. ეს ლოსიონი
მაცივარში 6 თვე ინახება.
ფორთოხლის ლოსიონი: ფორთოხალი ქერქიანად გახეხეთ, გადაიღეთ მუქ
ქილაში, დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი, დაახურეთ თავზე და დადგით
სიბნელეში ერთი კვირით. მერე გაფილტრეთ. მიღებულ ნაყენს დაამატეთ 1
სუფრის კოვზი ვარდის წყალი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ეს ლოსიონი
განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის. შეინახეთ
მაცივარში.
ლოსიონი ნებისმიერი ტიპის კანისთვის: გვირილისა და ფარსმანდუკის
ყვავილების (1:3) ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე
წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით კი გაფილტრეთ. ცივ ჩაიში
დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე და ყელი, არ გაიმშრალოთ
- აცადეთ შეშრობა.
ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის: თითო სუფრის კოვზი გულყვითელასა და
გვირილის ყვავილების ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 30
წუთის შემდეგ გაფილტრეთ.
ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის ანთებითი პროცესების დროს: აურიეთ
ერთმანეთში 30 გ გვირილის ექსტრაქტი, 120 გ კრაზანასა და ამდენივე
ვარდის ფურცლის ნახარში, 30 გ არაყი და 10 გ გლიცერინი. ამ ლოსიონს
აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები