ჰაერის არომატიზებისა და ვითომდა გაჯანსაღებისათვის ზოგი სურნელოვან
სანთლებს იყენებს. იორკას უნივერსიტეტის მკვლევართა განმარტებით, ეს
ყოვლად დაუშვებელია.
სურნელოვანი სანთლებიდან აქროლადი ნივთიერებები ჰაერთან კონტაქტისას
იცვლება, მათი ბევრი კომპონენტი ჰაერში არსებულ სხვადასხვა
ნივთიერებასთან შედის რეაქციაში და საბოლოოდ ორგანიზმისათვის მავნებელ
შენაერთებს წარმოქმნის. თუ ოთახს დიდი ხნის განმავლობაში არ
გავანიავებთ, ამ მავნე ნივთიერებათა შემცველობამ შესაძლოა
ჯანმრთელობისათვის საშიშ კონცენტრაციას მიაღწიოს.
აღნიშნული საკითხით დაინტერესებულმა სპეციალისტებმა გამოკვლევა
ჩაატარეს თანამედროვე ტიპის 6 ბინაში. გაზომეს და შეისწავლეს ოთახებში
სხვადასხვა აქროლადი ორგანული შენაერთის დონე. აღმოჩნდა, რომ ჰაერში
იყო ბევრი მავნე და არასასურველი ნივთიერება, მათ შორის ბენზოლი,
რომელიც ოთახებში ქუჩიდან აღწევს, ალფა-პინენი, რომელსაც წიწვის
სურნელი აქვს და შედის მრავალი საწმენდი საშუალების
შემადგენლობაში.
ყველაზე მეტად მეცნიერები დაინტერესდნენ ლიმონენით. ციტრუსის სურნელის
მქონე ეს ნაერთი არა მხოლოდ სურნელოვანი სანთლების შემადგენელი
კომპონენტია, არამედ შედის მრავალი საწმენდი საშუალების
შემადგენლობაში და გამოიყენება კვების მრეწველობაში. როგორც კვლევებით
დადასტურდა, ლიმონენი შედის რეაქციაში ოზონთან და შედეგად სრულიად
სხვა ქიმიური ნივთიერება - ფორმალდეჰიდი წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი
გამოიყენება მძიმე მრეწველობაში, ასევე ბალზამირებისათვის. ამ უფერო
აირის მაღალი კონცენტრაცია მეტად საშიშია ჯანმრთელობისათვის, იწვევს
ცხვირ-ხახისა და ყელის პრობლემებს (კიბოს ჩათვლით). ფორმალდეჰიდმა
შესაძლოა დასაბამი მისცეს ხველას, ანგინას, ცხვირიდან სისხლდენას,
თვალების წვას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სურნელოვან სანთლებში (არომატების
შესაბამისად) სხვა ტოქსიკური შენაერთებიცაა. მეცნიერები იმასაც
აღნიშნავენ, რომ ოთახის ბევრი მცენარე შთანთქავს ამ მავნე ნაერთებს
(მათ შორის ფორმალდეჰიდს). სპეციალისტებმა ამ კუთხითაც ჩაატარეს
გარკვეული ექსპერიმენტები. საკვლევ ბინებში მათ მცენარეთა მიერ
ფორმალდეჰიდისა და ლიმონენის შთანთქმის პროცესიც შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ ლიმონენის დონემ 4 კვირაშიც კი არ იკლო, მაშინ როცა,
ფორმალდეჰიდის შემცველობა ჰაერში საგრძნობლად შემცირდა. ამ აირისაგან
ოთახის ჰაერი იხსნეს გვიმრამ, ლავანდამ, ნემსიწვერამ და სურომ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები