ადამიანი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს ორგანიზმში წყლის ნორმალური
შემცველობის დარღვევაზე. ორგანიზმში წყლის დეფიციტს ქრონიკულ
გაუწყლოებას უწოდებენ.
ის მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმის,
ალერგიების, ჰიპერტონიის, ჭარბი წონის, ემოციური პრობლემებისა და
დეპრესიის. სითხის 2%-ის დაკარგვისას, რაც დაახლოებით 1-1,5 ლიტრს
უდრის, ადამიანს უჩნდება წყურვილის შეგრძნება, 6-8%-ის დაკარგვისას
კანი ექერცლება, პირი უშრება და გონება ებინდება. 10%-ის
უკმარისობისას იწყება ჰალუცინაციები, ძნელდება ყლაპვა, 12%-ის
დანაკარგი კი სიკვდილს იწვევს. წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს
ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება,
მცირდება შრომის უნარი, ირღვევა საჭმლის მონელებისა და ათვისების
პროცესები, ნელდება ბიოქიმიური რეაქციები, იზრდება სისხლის სიბლანტე,
რაც თრომბების წარმოშობის საშიშროებას ქმნის. ამასთანავე, სქელი
სისხლი ცუდად აწვდის საკვებს ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს,
ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი, ტრავმირდება სისხლძარღვები,
ზიანდება კუნთები და სახსრები.
წყლის გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმსა და გარემოს შორის თბოცვლა,
სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება. ტვინის 75% წყალია,
შესაბამისად, გაუწყლოება ტვინის უჯრედებისთვის ძლიერი სტრესია. წყლის
საკმარისი რაოდენობით მიღება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი
მთავარი პირობაა. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თირკმელებში
ქვების წარმოქმნის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდიც არის.
გარდა ამისა, წყალი:
• სახსრების ბიოლოგიური საპოხი და ზურგის ტვინის ამორტიზატორია;
• არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის
შენარჩუნებას, აფერხებს ცხიმის დაგროვებას;
• არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს,
აძლიერებს სტრესის საკომპენსაციო მექანიზმებს, აუმჯობესებს
ნივთიერებათა ცვლას.
წყარო:მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები