ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემლის ნაადრევ დეგენერაციას იწვევს. ნიუ იორკის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა სხეულის მასის ინდექსსა და ხერხემლის ანომალიებს შორის კავშირი დაადგინეს.
გამოკვლევა ჩაუტარდა 12-დან 20 წლამდე ასაკის 188 მოზარდს, რომლებიც არატრავმული წარმოშობის ზურგის ტკივილს უჩიოდნენ და ამის გამო ოთხი წლის განმავლობაში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. პაციენტთა 52%-ს ხერხემლის ქვედა ან წელის ნაწილში ცვლილებები აღმოაჩნდა. მათი უმრავლესობა ხერხემლის მალათაშორის დისკებში იყო ლოკალიზებული.
ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვთა ასაკში ჭარბი წონაც ხერხემლის დაავადებათა განვითარების რისკფაქტორი ყოფილა. მოზარდი პაციენტების უმრავლესობას სხეულის მასის ნორმაზე მაღალი ინდექსი აღმოაჩნდა. დადგინდა, რომ რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მეტია ხერხემლის ანომალიის განვითარების ალბათობაც.
მასალის გამოყენების პირობები