ჩვენი ხასიათი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად: დაბადების მომენტზე, წელზე, საათზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე და ასე შემდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელია, მაინც მეუღლეთა დაბადების წელია.
აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან როგორც ძლიერი პიროვნებები, ქალები კი – კეთილშობილები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებული მამაკაცები, უცნაურები არიან, ხოლო – ქალები დამოუკიდებლები. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული მამაკაცები სიმშვიდით, ხოლო ქალები – პრაგმატულობით გამოირჩევიან. ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები ენერგიულობით, ქალები კი – მეომრული სულისკვეთებით ხასიათდებიან.
ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები ძალიან მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. ხშირად სიყვარულში პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს იძლევიან, თავად კი საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ. არასდროს ზღუდავენ საყვარელ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ მათ. ამ წლებში დაბადებულებს ცოტა უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ბუნებით მშვიდნი საკუთარ მიზნებს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ახორციელებენ. თუმცა, ხშირად, გარშემო მყოფების თვალში უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულები უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იოლი არ არის. თუმცა, უზომოდ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ოჯახურ ცხოვრებასა თუ რჩეულთან ურთიერთობაზე. არიან რომანტიკულები, ამოუცნობები და ოპტიმისტები. ცდილობენ, თავიანთ სასიკეთოდ „გადააკეთონ” საყვარელი ადამიანები და ეს გამოსდით კიდეც! ხშირ შემთხვევაში, ამ წლებში დაბადებული ადამიანების სასიყვარულო გზა, იმედგაცრუებითაა სავსე.
ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულებისთვის დამახასიათებელია სიმკაცრე და ხშირი კონფლიქტები. არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. შეუძლიათ, თავი ნებისმიერ სფეროში გამოიჩინონ. უყვართ არაორდინარულ ადამიანებთან სასიყვარულო კავშირის დამყარება. ისინი საკუთარ რჩეულს ყოველთვის აღმერთებენ, სანაცვლოდ კი, დიდ სითბოსა და ერთგულებას იღებენ. ცხოვრებაში გამუდმებით ძიებაში არიან.
კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები იდუმალი სილამაზითა და შარმით გამოირჩევიან. თუმცა, საყვარელ ადამიანს ამას არ აჩვენებენ. პირად ცხოვრებასა და საქმეში წარმატების მისაღწევად ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების, ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანების აზრს. აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები. ამის ხარჯზე კი, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებებს.
მასალის გამოყენების პირობები