მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ იპყრობს ზოგჯერ ადამიანს ნამცხვრის ან შოკოლადის ჭამის დაუოკებელი სურვილი.
ტკბილეულისადმი ამგვარი ლტოლვის საწყისები თურმე ევოლუციაში, ფსიქოლოგიურ ფაქტორებში (სტრესი, ბედნიერების დეფიციტი) და რომელიმე ელემენტის უკმარისობაში უნდა ვეძებოთ.
ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი ენდრიუ ჰილი ამბობს, რომ შეტევები შიმშილის გამოვლინება არ არის, ვინაიდან საქმე კონკრეტული პროდუქტის ჭამის სურვილს ეხება. ამ მოვლენაზე პასუხს აგებს ტვინში არსებული ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის - დოპამინი და ოპიატები. ამ ნივთიერებათა გავლენით ტვინი ზოგიერთ ქმედებას სიამოვნებასთან აკავშირებს და ამ ქმედებათა მუდმივად გამეორება უნდება.
ევოლუციის თვალსაზრისით ეს პროცესი უკავშირდება იმ დროს, როცა ოპიატები და დოფამინი ასრულებდნენ თვითგადარჩენის მექანიზმის როლს და "მონაწილეობდნენ" მაღალკალორიული საკვების მოძიებაში. რაც შეეხება სტრესთან კავშირს, ფსიქიკისთვის ძნელად ასატან ვითარებაში ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც შიმშილის გრძნობას აღძრავს. სისხლში გლუკოზის დონის მომატება განაპირობებს უჯრედების მეტი ენერგიით მომარაგებას, რაც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს უწყობს ხელს და კორტიზოლის მატებაზე იმუნურ პასუხს თრგუნავს. ამიტომაც მიილტვის სტრესის დროს ადამიანი კანფეტებისა და ნამცხვრებისაკენ.
საინტერესოა, რომ ქალები მძიმე წუთებში უფრო მეტად ტკბილი, ცხიმიანი და კალორიული საკვებისკენ მიილტვიან, მამაკაცები კი ცხარე კერძებს ამჯობინებენ. რისი ბრალია ეს, მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ თუ ადამიანს ტკბილეული უნდება, ე.ი. მისი ფსიქიკური მდგომარეობა არამყარია.
წყარო. მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები