შიში ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სულ სხვაა აკვიატებული, ავადმყოფური შიში - ფობია.
ფობიებით დაავადებულია მოსახლეობის 10%-ზე მეტი. აკვიატებული ნევროზით და შიშებით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. აკვიატებული აზრები, შიშები შეიძლება დასჩემდეთ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებსაც, მაგალითად, გადაღლის, უძილობის, გადატანილი შიშის შემდეგ.
ერთ-ერთი მათგანია სიმსივნის შიში - კანცეროფობია (კარცინოფობია). ამგვარი შიში უმთავრესად წარმოიშობა ფსიქოლოგიურ ნიადაგზე, კერძოდ, ახლობლის კიბოთი დაღუპვის ან წინდაუხედავი დიაგნოზის შემდეგ. ზოგჯერ კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თავს იჩენს შიში, რომ რეციდივი გარდაუვალია, თუნდაც ოპერაცია წარმატებული იყოს. პანიკური შიში იწვევს ნერვულ შეტევებს, რაც შეიძლება ფსიქოპათიაში გადაიზარდოს.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ შიში ვერ განკურნავს კიბოს და ვერც დაგვიცავს მისგან. დაავადება უმეტესად პრაქტიკულად იკურნება და ამის შესახებ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, უნდა გაიფანტოს მითი, რომ კიბო უკურნებელი სენია. კიბოსთან ბრძოლასა და კიბოთი დაავადების შიშის დაძლევაში უდიდეს როლს ასრულებს რწმენა და ფსიქოლოგიური განწყობა.
ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა რწმენით, თვითშეგნებით დაამარცხა დაავადება თუ დაავადების შიში. თვით ონკოლოგებიც განუცვიფრებია მსგავს ფაქტებს, როცა სრულიად უიმედო ავადმყოფის სიმსივნურ ქსოვილებში ავთვისებიანობის ნიშნებიც კი გამქრალა.
ფსიქოლოგები დაკვირვების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანს აქვს რაიმე სენით, მათ შორის - კიბოთი, დაავადების შიში, ის მართლაც დაავადდება, რადგან ამ დროს ფსიქიკა თითქოს ბრძანებას იღებს. ფსიქიკას, ფსიქოლოგიურ განწყობას სასწაულის მოხდენა შეუძლია, მთავარია ადამიანმა ისწავლოს საკუთარი თავის მართვა. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერებს, სპეციალისტებს უნდა მიმართოს. ფობიების დროს ფსიქოთერაპიული მეთოდის არჩევა დაავადების, ავადმყოფური მდგომარეობის ხასიათსა და პიროვნებაზეა დამოკიდებული.
ფობიების დროს ხშირად ეფექტურია სუგესტიური ფსიქოთერაპიის, ჰიპერვიოთერაპიის, აუტოტრენინგის სხვადასხვა მეთოდი. რეგესტიური ფსიქოთერაპია შთაგონებით მკურნალობაა. შთაგონება შეიძლება განხორციელდეს როგორც ჰიპნოზური ძილის, აგრეთვე ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას. ეფექტურია ფიზიკური მეთოდებით მკურნალობა: ფიზიკური აქტივობა, სპორტი, ჰიდროპროცედურები (ცურვა, აბაზანები, შხაპი).
მასალის გამოყენების პირობები