ბევრ მცენარეს სიცხის დამწევი და ოფლმდენი სამკურნალო თვისებები აქვს.
შეურიეთ ერთმანეთს 40 გ ჟოლოს ნაყოფი, 40 გ ვირისტერფას ფოთოლი და 20 გ თავშავას ბალახი. 2 სადილის კოვზი ეს ნარევი ხუთი წუთის განმავლობაში ადუღეთ ორ ჭიქა წყალში. გადაწურეთ და მიიღეთ ცხელ-ცხელი, დღის განმავლობაში რამდენჯერმე (ამ ნახარშს სიცხის დამწევთან ერთად იმუნომასტიმულირებელი ეფექტიც აქვს, ამიტომ რეკომენდებულია გაციებისა და გრიპის დროს).
აურიეთ ერთმანეთში თითო პიტნის ფოთოლი, ცაცხვისა და დიდგულას ყვავილი. მაქსიმალურად დააქუცმაცეთ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ეს ნარევი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორ საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1/2 ჭიქა, როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.
ტირიფის ქერქის ნახარშს აქვს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და სისხლის აღმდგენი მოქმედება. ჩამოთვლილი ეფექტები განპირობებულია ნახარშში სამკურნალო ნაერთების (ფენოლოგლიკოზიდების, ფლავონოიდების, სათრიმლავი ნივთიერებებისა და სხვა) უხვი გამოყოფით. გარდა ამისა, ტირიფის ქერქი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ავლენენ ანტიმიკრობულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ამის გამო ტირიფის ქერქის ნახარში და ნაყენი რეკომენდებულია ქრონიკული ტონზილიტის (ნუშურების ანთების), ბრონქიტისა და რევმატიზმის დროს.
ცაცხვის ყვავილის ნაყენი და ნახარში გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი ეფექტით, ათხიერებს ნახველს, ხსნის კუნთების სპაზმს, ავლენს სიცხის დამწევ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას. იყენებენ გაციების, ხველის, გრიპის, საშარდე გზების დაავადებათა დროს.
ლიმონი სამკურნალო პრაქტიკაში ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, ანგინის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.
მასალის გამოყენების პირობები