შინდი (როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე მურაბა) სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე.
შინდის ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების) დროს. ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღოთ, ცხელ-ცხელი გადაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით. მიირთვათ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზ ნაყოფს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 8 საათი აჩერებენ და დღეში ორჯერ 100 მლ-ს სვამენ.
შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას. შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების (ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში) დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ასევე ხმელი ნაყოფის მიღება.
სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შინდის ფოთლებიც. ისინი 14%-მდე ტანინს შეცავს. შინდის ფოთლებისა და ტოტების ნაყენი გამოირჩევა შემომგარსველი მოქმედებით, გამოიყენება როგორც ნაღველმდენი, შარდმდენი და შაქრის დამწევი საშუალება (ერთ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ტოტებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამ-ოთხჯერ 50-70 მლ). რევმატიზმისა და პოლიართრიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია შინდის ფესვებისა და ქერქის ნახარში - ერთ ჩაის კოვზ ნედლეულს ერთ ჩაის ჭიქა წყალში 15 წუთის განმავლობაში ადუღებენ, აყოვნებენ 2 საათს, გადაწურავენ და დღეში სამჯერ სვამენ ორ სადილის კოვზს.
შინდი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. მათ რეგულარულად უნდა მიირთვან ნაყოფის ახალგამოწურული წვენი, თავდაპირველად - 50-70 გრამი ჭამამდე 30 წუთით ადრე, თუ კარგად აიტანეს, დოზა თანდათანობით ერთ ჭიქამდე უნდა გაზარდონ. შინდის ფესვები და ქერქი შეიცავს გლიკოზიდ კორინს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ავადმყოფს ცხელება აქვს, მას შეიძლება შინდის ახალგამოწურულ წვენთან ერთად მცენარის ნაყოფისა და ყვავილების ნაყენიც დავალევინოთ. ნაყოფის ახალგამოცლილი, დაქუცმაცებული და ოდნავ მოხალული კურკების ნაყენით ნახეთქებს მკურნალობენ. შინდის ნაყენი ხსნის ტუბერკულოზურ ინტოქსიკაციას, წელის ტკივილს, ამაგრებს და აჯანსაღებს შარდის ბუშტს. შინდი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამოირჩევა - ჰაერს მავნე ბაქტერიებისა და მწერებისგან წმენდს. ძველად თურმე შინდისგან სამკურნალო ტყლაპს ამზადებდნენ: გახეხილ ნაყოფს ასხამდნენ ბრტყელ ფორმებზე და ჯერ მზეზე, შემდეგ კი ღუმელში აშრობდნენ, მიღებულ ფირფიტებს ახვევდნენ და ინახავდნენ. ამ ტყლაპით ჩირქოვან ჭრილობებს ახვევდნენ - სწრაფად აშუშებდა.
მასალის გამოყენების პირობები