იასამანს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც სამკურნალოდ, ისე მრავალი დაავადების პრევენციისთვის.
დადასტურებულია, რომ მცენარეს სიცხის დამწევი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტური და შარდმდენი ეფექტი აქვს. სამკურნალოდ ვარგისია იასამნის არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ფოთლები, კვირტები და ყლორტებიც. ეს მცენარე მდიდარია ფიტონციდებით - ანტიბაქტერიული ნივთიერებებით, ფლავონოიდებით - ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და, რაღა თქმა უნდა, ეთერზეთებით. უხსოვარი დროიდანაა ცნობილი იასამნის ყვავილებისა და ფოთლების ნაყენის რეცეპტი, რომელიც რეკომენდებულია რევმატული ტკივილებისა და რადიკულიტის დროს.
გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს:
ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ 40%-იანი სპირტი და სამი საათით დადგით. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ მტკივანი ადგილების დასაზელად და კომპრესისთვის. იასამნის ექსტრაქტს შეიცავს მრავალი ფარმაცევტული პრეპარატი - ანთების საწინააღმდეგო მალამოები და გელები, რომლებიც რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება. იასამნის ხმელი ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი (4 სუფრის კოვზი 1 ლ მდუღარე წყალზე), თუ ახალდაბანილ თავზე გადაივლებთ, ბზინვარებას შემატებს თმას და გააჯანსაღებს თავის კანს. იასამნის ხმელი ყვავილებისა და ფოთლებისგან მომზადებული ჩაი (1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით) გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება ბრონქების, ფილტვების, ასევე თირკმლის ზოგიერთი დაავადების დროს. იასამნის ნაყენს სვამენ როგორც მადის აღმძვრელ საშუალებას - 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
იასამნის პრეპარატები არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. გაითვალისწინეთ: შინაგანი მიღებისთვის უმჯობესია ხმელი ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენოთ. ახალდაკრეფილ, ცოცხალ ყვავილებსა და ფოთლებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები საკმაოდ ტოქსიკურია და შესაძლოა გავნოთ.
იასამანი ასე გაახმეთ: დაკრიფეთ, შეკარით მომცრო კონებად და დატოვეთ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება. ზამთარში ეს მარაგი ძალიან გამოგადგებათ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები