ორსულობა არ არის კბილების დაბჟენაზე უარის თქმის საფუძველი. მინანქრის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად შეიძლება ჩაიტაროთ კბილების ფთორირება, გამოიყენოთ გამათეთრებელი პასტები და ელექსირები.
სტომატოლოგიაში ხშირად იყენებენ მედიკამენტებსაც. ორსულობის პირველ სამ კვირას ზოგიერთი მედიკამენტი ემბრიონზე ტოქსიკურად მოქმედებს, ხოლო პირველი სამი თვის განმავლობაში ანტიბიოტიკის, არასტეროიდებისა და სტეროიდული ჰორმონების გამოყენებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების ანომალიები გამოიწვიოს.
კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია ორსულობის მეორე ტრიმესტრი (4-6 თვე), როდესაც პლაცენტა უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა პირველ ტრიმესტრშიც ტარდება. დაუშვებელია ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ადრენალინს შეიცავს. არამც და არამც არ შეიძლება დარიშხანის პრეპარატების გამოყენება - მას ტერატოგენული მოქმედება აქვს და შესაძლოა, ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. ასევე დაუშვებელია კბილის ამოღება უშუალოდ მშობიარობის წინ, რადგან დარჩენილი ღრმული შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.
ქირურგიული ოპერაციები, ამალგამის ბჟენების მოსაცილებელი მანიპულაციები ჯობს მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადავდოთ. კბილების მკურნალობა უნდა გადაიდოს მაშინაც, თუ ქალს მუცლის მოშლის მცირედი რისკი მაინც აქვს, მაგრამ მწვავე ინფექციური პროცესების შემთხვევაში სტომატოლოგიური დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს.
მკურნალობისას ადგილობრივი ანესთეზია ნებადართულია, მაგრამ აუცილებლად გააფრთხილეთ სტომატოლოგი, რომ ბავშვს ელით. თუ კარიესი ზედაპირულია, მკურნალობა ანესთეზიის გარეშეც უმტკივნეულოდ ჩაივლის, უფრო სერიოზულ შემთხვევაში კი ექიმი შეგირჩევთ შესაბამის საანესთეზიო საშუალებას, რომელიც თქვენს შვილს არ ავნებს.
გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ თუ აუცილებელი არ არის, ორსულობისას კბილების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას უმჯობესია საერთოდ ვერიდოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მე-20 კვირამდე მაინც გადავდოთ. აუცილებლობისას კბილების დაავადების დიაგნოსტიკა შეიძლება ჩატარდეს ახალი მეთოდის - კომპიუტერული ვიზიოგრაფიის - მეშვეობით. ამ შემთხვევაში დასხივება გაცილებით სუსტია.
მასალის გამოყენების პირობები