ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში იქმნება სტრესული სიტუაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვა, როგორ დავიმშვიდოთ ნერვები, ყველა ეპოქაში მეტად აქტუალურია.
ნერვიულობის მიზეზი უამრავია: კონფლიქტი სამსახურში ან შინ, ოჯახური პრობლემები, დროის კატასტროფული სიმცირე, პასუხისმგებლობის ტვირთი. ზოგჯერ დასამშვიდებლად საკმარისია, თვალები დახუჭო და ღრმად ჩაისუნთქო, ზოგჯერ კი გონს მოსვლა მხოლოდ სპეციალისტის - ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის - დახმარებით არის შესაძლებელი.
დეპრესიას უმეტესად ქალები უჩივიან.მათ დეპრესიული აშლილობა 3-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს.
საოცარია, მაგრამ ქალებში დეპრესიული მდგომარეობა პიკს 30-40 წლის ასაკში აღწევს - იმ პერიოდში, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ პიროვნების გაფურჩქვნის ხანად. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ჯერ ერთი, ეს არის რეპროდუქციული ასაკი, ხოლო ორსულობა და ბავშვის გაჩენა, იწვევს ჰორმონულ გარდაქმნებს, რომლებიც, თავის მხრივ, უგუნებობას განაპირობებს. მეორე - ამ პერიოდში ქალები ხშირად ეყრებიან ქმრებს, რაც ასევე მძიმე განცდებთან არის დაკავშირებული. მესამე - 30-40 წლის ასაკში სუსტი სქესი თავდაუზოგავად მუშაობს კარიერული ზრდისთვის და საკუთარ თავზე გამოცდის საქმიანი ცხოვრების რიტმის ყველა სიკეთეს.
იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ნერვული აშლილობის განვითარების ალბათობა, მისდიეთ ცხოვრების აქტიურ წესს, უარს ნუ იტყვით დასვენებაზე და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. ასეთ დროს ნერვების დასაწყნარებელი საშუალება უნდა მოიძებნოს. ზოგჯერ ეფექტურია სამკურნალო საშუალებებიც. ყველაზე ცნობილი მათ შორის, ცხადია, კატაბალახას ნაყენია. უფრო ძლიერმოქმედ პრეპარატებს იღებენ კურსობრივად. მათ აქვთ უკუჩვენებაც, ამიტომ მხოლოდ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.
დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ნელა მდინარე წყლის ყურება. დამშვიდებაში დაგეხმარებათ ხელის თითების მოძრაობაც. ცნობილია, რომ თითის ბოლოებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა თავმოყრილი. ზოგიერთს შველის ქსოვაც. დაბოლოს, შეიცვალეთ ცხოვრების წესი, რადგან ზედმეტი ნევროზულობა არასწორი რეჟიმისა და დაბალი თვითშეფასების უშუალო შედეგია.
ის, ვინც ფიზიკურად ძლიერია, სწორად იკვებება და იცავს შრომისა და დასვენების რეჟიმს, ნაკლებად არის მიდრეკილი დეპრესიისკენ. ამასთან ერთად, თუ იმოგზაურებთ, ივლით ლაშქრობაში, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, დადებითი ემოციებით აივსებით, რაც სულიერი კომფორტის საწინდარი იქნება. ხშირად გაიღიმეთ და პრობლემებს იუმორით შეხედეთ. ამ შემთხვევაში ნერვების დასაწყნარებლად დამატებითი ძალისხმევა აღარ დაგჭირდებათ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები