დარიჩინი ბევრი დიასახლისის საყვარელი სანელებელია. სპეციფიკურ გემოსა და არომატთან ერთად განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებიც აქვს - მასში არსებული ალდეჰიდი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ საუკეთესო დამხმარე საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას. კერძებსა თუ სასმელებს (ჩაის, ყავას,) დამატებული, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ამჟღავნებს.
დარიჩინი ახშობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. ჯანსაღი სუნთქვისა და პირ-ხახის გაგრილებისთვის წესად აქციეთ ყოველ დილით თაფლიან-დარიჩინიანი ხსნარის ყელში გამოვლება - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით თითო ჩაის კოვზი თაფლი და დარიჩინი. ეს ნარევი მეტად ეფექტურია გაციებისა და ქრონიკული ხველის დროსაც. ხველის ძლიერი შეტევისას ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი შეურიეთ ერთ სადილის კოვზ თაფლს და 4-5 დღის განმავლობაში მიიღეთ. შეგიძლიათ, ერთი ჩაის კოვზი სანელებელი გახსნათ ერთ ლიტრ მდუღარე წყალში, დაამატოთ ცოტაოდენი შავი პილპილი, გემოვნებისამებრ თაფლი და 4 საათში ერთხელ სვათ.
დარიჩინი მეტეორიზმთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა. ის აადვილებს მონელებას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ახშობს დილის გულისრევას, ფაღარათს. მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი ყველა კერძს უნდა დაუმატოთ. ეს სანელებელი ეფექტურია თავის ტკივილისა და შაკიკის დროსაც.
უკუჩვენებები
მიუხედავად დარიჩინის მრავალმხრივ გამოხატული სამკურნალო თვისებებისა, არ შეიძლება მისი კოვზებით მიღება -
კუჭს აღიზიანებს. ვისაც კუჭის წყლული ან ნაწლავთა მომატებული მგრძნობელობა აწუხებს, დარიჩინი ფრთხილად უნდა გამოიყენოს. დარიჩინის ხშირად და დიდი დოზებით მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი წნევა ან გულის დაავადება აქვს. სანელებელი გულისცემის გახშირებას და არტერიული წნევის მომატებას იწვევს. დარიჩინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის. ის საშვილოსნოს შეკუმშვას ასტიმულირებს და შესაძლოა ნაყოფის გამოძევების პროვოცირება მოახდინოს.
დარიჩინი შეიცავს ტოქსიკურ კუმარინს, რომლის დიდი დოზებიც ნეგატიურად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე.
არ შეიძლება დარიჩინის მიღება მედიკამენტებით მკურნალობის პერიოდში. ის ერთგვარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ცუდად ურთიერთქმედებს ბევრ სამკურნალო პრეპარატთან. დარიჩინი უკუნაჩვენებია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები