ჩრჩილთან საბრძოლველი უამრავი თანამედროვე ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ტოქსიურიცაა და საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის.
ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ. ძლიერმოქმედი, ქიმიური პრეპარატები ხშირად ადამიანისთვის არანაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.
ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.
გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს ჩრჩილისგან დასაცავად.
კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.
ჩრჩილთან ბრძოლაში დაგვეხმარება კაკლის ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც კი. წაბლს აგროვებენ შემოდგომაზე, ახმობენ და ათავსებენ ტანსაცმლის კარადაში.
ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს. არომატული საპნის ნაჭრები შეიძლება მოვათავსოთ თეთრეულის კარადაში. განსაკუთრებით ეფექტურია მარწყვის საპონი. საკვები პროდუქტების დასაცავად იყენებენ ნიორს. ბურღულეული, ჩირი უნდა შევინახოთ კარგად თავდახურულ ქილებში ერთ კბილ ნიორთან ერთად.
ჩრჩილი იშვიათად ჩნდება იმ სახლში სადაც ნემსიწვერა იზრდება. მისი ფოთლები და ღერო დაზიანებისას გამოყოფს საკმაოდ მკვეთრ სუნს, რომელიც აფრთხობს მას.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები