თადარიგიანი დიასახლისები ზამთრისთვის საჭირო მწვანილს ზაფხულიდან იმარაგებენ.ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს.
პირველ რიგში, აუცილებელია, მწვანილი კარგად გაირეცხოს და გაშრეს. შრობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რათა ჭკნობა არ დაიწყოს. მწვანილის გაშრობა შესაძლებელია კონებად - დაჭრის გარეშეც.
მწვანილის შენახვა შესაძლებელია გაყინვის მეთოდით. მშრალი მწვანილის კონა, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში ან კონტეინერში, მჭიდროდ მოუკარით თავი და საყინულეში შეინახეთ. ზამთარში გამოიღეთ მწვანილი საყინულედან და კერძში ჩაშვების წინ დაჭერით.
გაყინვის გარდა, მწვანილის შენახვა გაშრობის მეთოდით არის შესაძლებელი. ეს ძალიან მარტივი და სასიამოვნოდ არომატული პროცესია. გარეცხეთ მწვანილი და გასაშრობად სუფთა ტილოზე გაფინეთ. გაშრობის შემდეგ წვრილად დაჭერით და ლანგარზე გაშალეთ. შრობის დროს მწვანილი პერიოდულად კარგად უნდა აურიოთ. მწვანილის შრობა შეიძლება, რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გაგრძელდეს. როგორც კი მწვანილი ისე გაშრება, რომ ხელში დასრესისას დაიფშვნება, შეგიძლიათ, სუფთა ტილოს ტოპრაკში მოათავსოთ და მშრალ და ბნელ ადგილას შეინახოთ.
ასევე შესაძლებელია ზამთრისთვის ბოსტნეულის გაშრობაც. წითელი მწარე ან ტკბილი წიწაკა იმისთვის, რომ ცოტათი შეჭკნეს, შრობის დაწყებამდე, რამდენიმე დღით თბილ ადგილას უნდა გაშალოთ. შემდეგ ნემსისა და გამძლე ძაფის დახმარებით, ყუნწებით აასხით(ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს) და მშრალ, კარგად განიავებულ ადგილზე ჩამოკიდეთ.
გამშრალი მწარე წიწაკა შეგიძლიათ, დაფქვათ ან მშრალ, გრილ ადგილას შეინახოთ.
კარგად გარეცხილ ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწები და საშუალო სისქის ნაჭრებად დაჭერით. ამის შემდეგ, წიწაკების მსგავსად, გამძლე ძაფზე ისე ასხით, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. ბადრიჯნის ასხმულა დაკიდეთ მშრალ და გრილ ადგილას, ხოლო კარგად გამოშრობის შემდეგ ჩამოხსენით და მშრალ ადგილას შეინახეთ.
გახსოვდეთ, რომ გამოყენების წინ გამშრალ ბოსტნეულს მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და 40 წუთით გააჩეროთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ მათგან ყველაფერი ის მოამზადოთ, რასაც ქორფა ბოსტნეულისგან ამზადებთ.
მასალის გამოყენების პირობები