წიწიბურას სასარგებლო თვისებებზე ბევრს საუბრობენ. ამინომჟავები, რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია, იოდი, ფტორი, B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, უჯრედისი – ეს ყოველივე წიწიბურას მარცვლებშია თავმოყრილი.
მასში შემავალი რკინა სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს და სახის კანის ჯანმრთელი ფერის გარანტია. მისი მიღება ექიმების მიერ რეკომენდირებულია ანემიის დროს, ვინაიდან სისხლში ჰემოგლობინის დონეს არეგულირებს.
წიწიბურაში შემავალი კალიუმი ოპტიმალურ არტერიულ წნევას უზრუნველყოფს, კალციუმი – კარიესთან, ადვილად მტვრევად ფრჩხილებთან და სუსტ ძვლოვან სისტემასთან ბრძოლაში საუკეთესო მოკავშირეა; მაგნიუმი კი დეპრესიისგან გვიცავს და ზედმეტი წონის დაგროვების პრევენციაში გვეხმარება. წიწიბურა სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. ფაფა იდეალურია გულის და ღვიძლის ფუნქციონირების დასახმარებლად, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, შლაკების და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას, რაც დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას გარდა, სასარგებლოა სისხლძარღვების დაავადებების, ართრიტის და რევმატიზმის მქონე ადამიანებისთვის.
მართალია, წიწიბურა თავადაც შეიძლება ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს (რაც იშვიათად ხდება), თუმცა მას ხშირად უნიშნავენ გულტენზე და ხორცზე ალერგიის მქონე ადამიანებს: შეუცვლელი ამინო-მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, წიწიბურაში არსებული ცილები მიახლოვებული ცხოველური წარმოშობის ცილებთან. კალორიულობას რაც შეეხება, დაბალკალორიული პროდუქტი ნამდვილად არ არის: 100 გრამზე 307 კკალ. მოდის, თუმცა ის ერთ-ერთი ბურღულეულთაგანია, რომელიც როგორც ჩვეულებრივი, ასევე დიეტური კვებისთვის იდეალური ინგრედიენტია.
მასალის გამოყენების პირობები