ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება, რომ 23 წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ქვეყნის თვალსაჩინო მედიკოსებმა მომაკვდინებელი ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და გაყიდვა დაიწყეს.
წამლის შექმნაზე კორეელებმა 1989 წლიდან დაიწყეს მუშაობა, ხოლო პროდუქტი უკვე1996 წელს მიიღეს, თუმცა, სამკურნალო საშუალებამ საბოლოო გამოცდა ქვეყნის ხელმძღვანელის წინაშე ამ ბოლო დღეებში გაიარა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მეცნიერებმა სწორედ იქ მიაღწიეს წარმატებას, სადაც თანამედროვე მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინა ახდენს ისეთი დაავადებების პრევენციას და განკურნებას, როგორიცაა შიდსი, ებოლა, მერსი (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი - აქლემის გრიპი) და სარსი (ატიპიური პნევმონია).
კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მეცნიერებმა ვაქცინა Kumdang-2 კორეული ჟენშენის, იშვიათმიწათა ელემენტებისა და ოქროსა და პლატინის ნარევის ბაზაზე შექმნეს.
ჯადოსნური წამლის ფორმულას ჩრდილოეთ კორეის მეცნიერები და სახელმწიფო ჩინოვნიკები არ ამხელელ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინა დაზიანებული იმუნური სისტემის აღდგენასა და გაძლიერებას ახდენს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება ტუბერკულოზისა და სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებების განსაკურნებლად.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის სიკვდილის გამომწვევი ძირითად მიზეზს სწორედ ეს დაავადებები წარმოადგენს.
ჩრდილო-კორეული საინფორმაციო საიტის - მანჯოკის ცნობით, ეს პრეპარატი აქტიურად იქნა გამოყენებული ქვეყანაში ფრინველისა და ღორის გრიპების ეპიდემიასთან საბრძოლველად 2006-2013 წლებში. მანჯოკი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დაავადებულები ჩრდილო კორეაში მარტივად განკურნეს, მაშინ, როცა სამხრეთ კორეაში ეპიდემიამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა.
კუნდანგ-2-ის ვებსაიტი ორენოვანია. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენებზე. ევროპის მოსახლეობისთვის ვაქცინას მოსკოვის ოფისი და დისტრიბუტორი კორეა ბადი გაყიდის. საბაზისო კურსის ღირებულება 1500 რუბლს შეადგენს, რაც 63 ლარის ექვივალენტია.
ჯადოსნურ წამალს უკუჩვენება არ აღენიშნება. ვაქცინის პატენტის მფლობელი ჩონ ჩჟე ხი, რომელიც კუჭისა და ნაწლავების კიბოს სპეციალისტია, თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნავს, რომ მისი პაციენტების 80 პროცენტი სრულად გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პროცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შიდსის, ებოლას, ატიპიური პნევმონიის, აქლემის, ფრინველისა და ღორის გრიპის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტის A, B, C, D, E, G ფორმების გარდა, პრეპარატი კურნავს უძილობას, დამწვრობას, დერმატიტს, საშოს სისხლდენას, ნარკოდამოკიდებულებას, ყველა სახის მოწამვლას, პნევმონიას, გულსისძარღვთა დაავადებებს, ეპილეფსიას, სიმსივნეს და იმპოტენციასაც კი.
გამოიყენება ნაიარევისა და სტრიების მოცილებისას, ეფექტურია სიბერესთან ბრძოლის საკითხში.
http://www.ipress.ge
მასალის გამოყენების პირობები